|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდიდან დახმარებები ნაცნობობითა და შუამავლობით გაიცემა"

ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდიდან  ერთჯერად სოციალური დახმარებები  ნაცნობობითა და შუამავლობით გაიცემა, -აცხადებს ლეიბორისტული პარტიის წევრი ირაკლი კიკვაძე.

მან დღეს ქუთაისის მერიის წინ ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტებს სოციალურად დაუცველი ქალბატონი წარუდგინა, რომელმაც მერიიდან ბავშვის მკურნალობისათვის საჭირო ერთჯერადი დახმარება ვერ მიიღო.

"ქუთაისის მერია სარეზერვო ფონდიდან  ერთჯერად სოციალურ დახმარებებს გასცემს შერჩევითი პრინციპის საფუძველზე და რეალურად არანაირი მოკვლევა გაჭირვებული ოჯახებისა, არ ხდება. იმისათვის, რომ მერიიდან სოციალური დახმარება მიიღო,  საჭიროა შუამავალი მერთან, ან უახლოეს გარემოცვასთან. ამის მაგალითია ოჯახი, რომლის 4 წევრიდან 3 არის პირველი ჯგუფის ინვალიდი, 2 წევრი უსინათლოა, ოჯახი არის სიღარიბის ზღვარს მიღმა და ასეთ ოჯახზე, რომელსაც ბავშვის მკურნალობისათვის ესაჭიროებოდა დახმარება, არ გასცეს ერთჯერადი ფინანსური დახმარება, რადგან მას არ აღმოაჩნდა პატრონი ან შუამავალი მერთან, ამ მის უახლოეს გარემოცვასთან,"-აცხადებს ირაკლი კიკვაძე. 

ლელა ჯანაშიას თქმით, მის 8 წლის შვილის აქვს მხედველობის პრობლემა, დიაგნოსტიკისათვის სჭირდებოდა თბილისში ვიზიტი, რისთვისაც ერთჯერადი დახმარებისათვის მიმართა მერიას. როგორც ამბობს, მას მერიაში დახმარებაზე უარი უთხრეს, რის მიზეზადაც ის ფაქტი დასახელდა, რომ  მისი მეუღლე იმყოფება დიალეზის პროგრამაში, ხოლო მერიიდან იღებენ ტრანსპორტირების დახმარებას. როგორც აცხადებს, მას უთხრეს, რომ თბილისიდან ჩამოეტანა დიაგნოზი, რის შემდეგაც შეძლებდნენ დახმარებას, მაგრამ მან შვილის თბილისში წაყვანა უსახსრობის გამო ვერ შეძლო. დახმარებისათვის ერთჯერადად 400 ლარის დახმარება მოითხოვა.

  ირაკლი კიკვაძის მიერ მერიიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის თანახმად,  მიმდინარე წელს 23 აპრილის ჩათვლით,  130 163 ლარია დახარჯული განსაკუთრებული თანადგომის საჭიროების მქონე პირთა თანადგომისათვის, თანხა გაცემულია 654 პირზე.

"ქუთაისის მერიის სარეზერვო ფონდიდან დახმარება გაეწია 654 განმცხადებელს, დარწმუნებული ვარ, აქედან 99% გაცემულია  ნაცნობობით და შუამავლობიოთ,"-განაცხადა ირაკლი კიკვაძემ. 

 ქუთაისის მერიაში საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

 

 

 

ავტორი: ირინა მაკარიძე