ქუთაისის მერიისა და საკრებულოს შენახვისათვის გასულ წელს ბიუჯეტიდან 5,409,613 ლარი დაიხარჯა
ქუთაისის მერიისა და საკრებულოს შენახვისათვის გასულ წელს ბიუჯეტიდან 5,409,613 ლარი დაიხარჯა, ხოლო 2017-2020 წლებში ეს თანხა ჯამში 22,551,848 ლარს შეადგენს. ინფორმაციას "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო" ავრცელებს, რომელმაც 4 წლის განმავლობაში ქუთაისის თვითმმართველობის მიერ ხარჯები შეისწავლა.
მთლიანი ხარჯების 9 პროცენტს პრემია-დანამატებზე გაწეული თანხები შეადგენს.
ორგანიზაციის ცნობით, ქუთაისის მერიამ და საკრებულომ შრომის ანაზღაურებაზე, ჯილდოს/პრემიის და სახელფასო დანამატზე, ასევე ადმინისტრაციების მიერ სატელეფონო კომუნიკაციაზე, მივლინებებზე, წარმომადგენლობით ხარჯებზე, საწვავზე, ავტომობილების შეკეთება/დიაგნოსტიკაზე ჯამურად 2017 წელს 5,232,467 ლარი, 2018 წელს 5,739,994 ლარი, 2019 წელს 6,169,774 ლარი, ხოლო 2020 წელს 5,409,613 ლარი დახარჯა.
- ქუთაისის მერიასა და საკრებულოში 2017-2020 წლებში ჯამურად დაიხარჯა:
► სახელფასო ანაზღაურებაზე - 17,324,872 ლარი,
► პრემია/ჯილდო, დახმარება, დანამატი - 2,038,816 ლარი,
► მივლინება - 318,968 ლარი,
► წარმომადგენლობითი - 815,721 ლარი,
► ტელეკომუნიკაცია - 258,508 ლარი,
► საწვავი - 1,377,390 ლარი,
► საავტომობილო მომსახურება - 417,571 ლარი.
- ქუთაისის მუნიციპალიტეტში, 2017 წელთან შედარებით, დასაქმებულთა რაოდენობა 25-ით შემცირდა. ამ დროისთვის როგორც შტატით, ასევე შტატგარეშედ სულ მერიასა და საკრებულოში 389 ადამიანია დასაქმებული.
- 2018 წლიდან ქუთაისის მუნიციპალიტეტში თანამდებობრივი სარგოს ზრდამ გამოიწვია სახელფასო დანახარჯების ზრდა. 2017 წელთან შედარებით 2020 წელს მუნიციპალიტეტმა შრომით ანაზღაურებაზე 946,670 ლარით მეტი გასცა და 4,753,297.67 ლარი შეადგინა.
- 2017 წელს ქუთაისის მერიამ დასაქმებულებზე პრემიის, დახმარების და დანამატის სახით ჯამურად 395,890 ლარი გასცა, ხოლო 2019 წელს აღნიშნული ხარჯი 247,276 ლარით გაიზარდა და 643,166 ლარს მიაღწია. 2020 წელს კი 108,515 ლარამდე შემცირდა.
- 2017-2020 წლებში, მერიისგან განსხვავებით, საკრებულოში შემცირდა გაცემული პრემიის, დანამატისა და დახმარების ოდენობა. თუ ეს ხარჯი 2017 წელს 177,429 ლარი იყო, 2019 წელს 109,020 ლარამდე შემცირდა, 2020 წელს თითქმის განახევრდა და 55,550 ლარი შეადგინა.
თანამშრომელთა რაოდენობა და შრომითი ანაზღაურება:
ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში 2017-2020 წლებში დასაქმებულთა შრომით ანაზღაურებაზე 17,324,872 ლარი დაიხარჯა.
ქუთაისის მერიაში დასაქმებულთა რაოდენობა 2020 წელს, 2017 წელთან შედარებით, 20-ით შემცირდა, თუმცა გაიზარდა შრომითი ანაზღაურების სახით გაცემული თანხის ოდენობა. კერძოდ, 2017 წელს მერიაში თანამდებობის პირებზე, შტატით და შტატგარეშე თანამშრომლებზე ჯამურად 3,138,858 ლარი გაიცა ხელფასის სახით, ხოლო 2020 წელს ხარჯი 756,725 ლარით გაიზარდა და 3,895,583 ლარი შეადგინა. აღნიშნული, რანგების მიხედვით ხელფასების ზრდამ გამოიწვია.
ქუთაისის საკრებულოში 5-ით შემცირდა დასაქმებულთა რაოდენობა, თუმცა სახელფასო ანაზღაურებაზე გაცემული თანხა აქაც გაიზარდა.
ავტორი: ნიუპრესი