ქუთაისის მერის კანდიდატურას მაჟორიტარები ასახელებენ?
"ქართულ ოცნებაში" ქუთაისის მერის პოზიციაზე 2 კანდიდატურა განიხილება, - ამის შესახებ „ნიუპრესს“ მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, ამ პოზიციაზე ქუთაისის ამჟამინდელი მერის შოთა მურღულიასა და „ქართული ოცნების“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელის გიორგი ჭიღვარიას კანდიდატურების შესახებ მსჯელობენ.
„კონსულტაციები იყო და მეც მკითხეს, თუ ვის კანდიდატურას ვისურვებდი, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიმიღია. არც ერთის მიმართ მაქვს პრეტენზია. უმრავლესობა რა გადაწყვეტილებასაც მიიღებს, მეც იმ პოზიციას დავიჭერ. ორივესთან დადებითი კომუნიკაცია მაქვს“,-განაცხადა მარგველაშვილმა.
კონსულტაციებში მონაწილეობას ადასტურებს მაჟორიტარი დეპუტატი დიმიტრი მხეიძე. მისი თქმით, მთავარი კრიტერიუმი, რითაც კანდიდატს შეაფასებენ, ქალაქისთვის გაწეული სამსახურია.
„რა თქმა უნდა, კონსულტაციებში აქტიურად ვმონაწილეობთ სამივე მაჟორიტარი დეპუტატი. ჩვენ ერთი გუნდი ვართ და ვისი კანდიდატურა დამტკიცდება, 100%-ით დავუდგები გვერდით. კანდიდატს ვარჩევთ სხვადასხვა კრიტერიუმებით. უპირატესობას მას მივანიჭებთ, ვინც ხალხისთვის და ქალაქისთვის იზრუნებს“, -განაცხადა დიმიტრი მხეიძემ.
რაც შეეხება ქალაქის მერის შოთა მურღულიას საქმიანობას, მხეიძე მას დადებითად აფასებს.
კობა ნარჩემაშვილთან დაკავშირება, ტრადიციულად, ვერ მოხერხა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი





13:32
16:29
18:25
15:07
















