"ქუთაისის მერმა სკვერში ახალი მშენებლობის ნებართვა გასცა"
"ნაციონალური მოძრაობა" ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე სკვერში ქუთაისის მერიის მიერ მშენებლობის ნებართვის გაცემას აპროტესტებს. როგორც საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე აცხადებს, მერიამ "ბიბლუსს" სკვერში ასწლოვანი ხის მოჭრის უფლება მისცა.
"ქუთაისის მერი, ერთის მხრივ, აცხადებს, რომ არ დაუშვებს სკვერებში მშენებლობებს და მეორეს მხრივ, ხელს აწერს ბრძანებას, სკვერში სასაწყობე მეურნეობისთვის შენობის აშენების ნებართვას. ამ ყველაფერს კვლავ ეწირება ასწლოვანი ხეები.
მოვუწოდებ ქალაქის მერს დროულად აღკვეთოს ეს უკანონობა და შეაჩეროს სკვერში მშენებლობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ვიტოვებთ უფლებას, ვიფიქროთ, რომ ქუთაისის მერისთვის რამოდენიმე ხის დარგვა და ადრე გაკეთებული განცხადებები მხოლოდ პიარის ნაწილია და რეალურად მას არ აღელვებს სკვერებში არსებული მდგომარეობა. მითუმეტეს, რომ შპს "ბიბლუსს" წიგნების დასაწყობება სხვა ადგილზე შეუძლია და ამ მშენებლობის აუცილებლობა არ არსებობს"-აცხადებს გიგა შუშანია.
შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულომ წიგნების მაღაზიათა ქსელის - "ბიბლუსისათვის" მიწის იჯარით გაცემის საკითხი გასულ წელს განიხილა. ბიბლუსს" 44კვ. მეტრი მიწის ფართობი ჭავჭავაძის გამზირზე გადაეცა, იქ, სადაც მას უკვე აქვს მაღაზია.
ავტორი: ნიუპრესი