ქუთაისის მესხიშვილის თეატრი სეზონის გახსნისათვის ორ პრემიერას ამზადებს
ქუთაისის მესხიშვილის თეატრი 135-ე სეზონს პრემიერით ხსნის. სეზონის გახსნა ტრადიციულად 27 სექტემბერს მოხდება. დასი მაყურებლის წინაშე სპექტაკლით "ძვირფასი პამელა" წარსდგება.
თეატრის დირექტორის სულხან გოგოლაშვილის ინფორმაციით, სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე.
"მესხიშვილის თეატრი დაარსებიდან 157-ე, პროფესიული თეატრის დაარსებიდან 135-ე სეზონს ხსნის. სეზონი ტრადიციულად 27 სექტემებრს გაიხსნება. კოტე აბაშიძე დასთან ერთად სპექტაკლზე "ძვირფასი პამელა" მუშაობს. სპექტაკლი, რომელიც პატრიკის პიესის მიხედვით იდგმება, ორმოქმედებიანია. მასზე სრულად მესხიშვილის თეატრის მსახიობები მუშაობენ.
რამდენიმე დღეში, თეატრში გაიმართება კიდევ ერთი პრემიერა სპექტაკლის "ქარი ქრის ვერხვებში", - განაცხადა სულხან გოგოლაშვილმა.
მისი თქმით, ოქტომბერში დასი ორ ახალ სპექტაკლზე დაიწყებს მუშაობას. წარმოდგენილი იქნება ბრეხტის "დაფდაფები ღამით" ნიკოლოზ საბაშვილის რეჟისორობოთ და მიუზიკლი "ბრემენელი მუსიკოსები" კახა გოგოლაშვილის რეჟისორობით.
თეატრი ასევე მუშაობს ვოდევილზე, რომელსაც თეატრალური უნივერსიტეტის მაგისტრი დადგამს, თუმცა დეტალები ჯერ არ ხმაურდება. რაც შეეხება მომავალ წელს, თეატრის დირექტორის თქმით, დამოკიდებულია, როდის დაიგეგმება თეატრის რეაბილიტაცია.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი