დაგეგმილი რეაბილიტაცია უცნობ მისამართზე - ქუთაისში ახალგაზრდობის სასახლის გაურკვეველი ბედი
ქუთაისის მერიის მიერ დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტების ჩამონათვალში მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის საკითხიც მოხვდა. თუმცა, ამ ეტაპზე უცნობია, რომელი შენობის გარემონტება მოხდება.
ქუთაისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისათვის, რომელიც ავარიულ შენობაში ფუნქციონირებს, პროკურატურის ყოფილი შენობის გადაცემა იგეგმება. შენობა ჯერჯერობით იუსტიციის სამინისტროს ბალანსზე რჩება, რის გამოც ქალაქის მერიაში გადაჭრით ვერ საუბრობენ, თუ რომელი შენობის რეაბილიტაცია მოხდება.
ყოფილი პროკურატურის შენობის გადმოცემის საკითხზე მერიამ სამინისტროს გასულ წელს მიმართა, თუმცა საკითხი ჯერ არ გარკვეულა. ქუთაისის მერიის ინფრაქსტრუქტურის სამსახურის უფროსის ბექა ყურაშვილის თქმით, ყოფილი პროკურატურის შენობის რეაბილიტაციის საკითხი მას შემდეგ დაიგეგმება, თუ იუსტიციის სამინისტრო შენობას ქუთაისს გადასცემს.
"თუ გადმოგვცემს შენობას იუსტიციის სამინისტრო, მაშინ ამ შენობას გავარემონტებთ, სხვა შემთხვევაში, ისევ იმ შენობის გარემონტება მოგვიწევს, რომელშიც ახლა არიან", -განუცხადა "ნიუპრესს" ბექა ყურაშვილმა. მისი თქმით, საკითხი ჯერ საკრებულომ უნდა განიხილოს, შემდეგ საკონსულტაციო საბჭომ, რის შემდეგაც მთავრობას წარუდგენენ.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის დირექტორის მარინა მარჯანიშვილის თქმით, პროკურატურის ყოფილი შენობის გადმოცემის შემთხვევაში, აღნიშნული ფართი მათთვის სრულად მისაღები იქნება.
"იგეგმება სასახლის პროკურატურის ყოფილ შენობაში გადმოტანა. ჩვენ ძალიან მოგვწონს ეს შენობა, როგორც ადგილმდებარეობით, ისე შენობის განლაგებით. მაგრამ ჯერჯერობით არ არის გადაწყვეტილი იუსტიციის სამინისტროს მიერ. მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი თავის დროზე იმ შენობაში იყო, სადაც ახლა იუსტიციის სახლია და პროკურატურაა, ამიტომ მოვთხოვეთ იუსტიციის სამინისტროს, რომ ჩვენთვის რომელიმე შენობა გამოეყო. ჩვენთან იყო პარლამენტარი მარიამ ჯაში და მან ნახა, რომ ამ შენობაში, სადაც ახლა ვართ, შეუძლებელია ბავშვების გაჩერება, სამსართულიან შენობაში პირველი სართული ავარიულია და 2 სართული გვიჭირავს. მომავალ წელს სასახლის 70 წლის იუბილესათვის ვემზადებით, იმედი გვაქვს, რომ ამ თარიღს ახალ შენობაში აღვნიშნავთ", - განაცხადა მარინა მარჯანიშვილმა.
მისივე თქმით, როგორც ქალაქის მერმა განუცხადა, შენობის რეაბილიტაციისათვის ქალაქი 200 ათას ლარს გამოყოფს.
დაწესებულებაში, რომელიც ააიპ „ქ.ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების“ ფილიალს წარმოადგენს, 2 ათასამდე ბავშვი სწავლობს. სასწავლებელში არსებულ შეუსაბამო პირობებზე ყურადღება პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარებ მარიამ ჯაშმაც ისაუბრა.
ქუთაისში 2 ათასამდე ბავშვი ღირსეული პირობების გარეშეა - მარიამ ჯაში
ავტორი: ირინა მაკარიძე