ქუთაისში 2 ათასამდე ბავშვი ღირსეული პირობების გარეშეა - მარიამ ჯაში
ქუთაისში 2 000-მდე ბავშვი ღირსეული სასწავლო პირობების გარეშეა -განაცხადა პარლამენტის განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძესთან შეხვედრაზე.
მარიამ ჯაშმა ქუთაისში ინფრასტრუქტურის მხრივ არსებულ პრობლემებზე ისაუბრა.
მისი განმარტებით, გაუსაძლისი მდგომარეობაა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში, ასევე რთული მდგომარეობაა საჯარო ბიბლიოთეკასა და გელათის სამეცნიერო აკადემიაში.
"ინფრასტრუქტურული კომპომენტი უნდა იყოს გაძლიერებული ქუთაისის მუნიციპალიტეტისთვის. ჩვენ რამდენიმე თვის წინ ვეწვიეთ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეს, რომელიც არის წარმოუდგენელ მდგომარეობაში. სასახლის გადაყვანა 2011 წელს მოხდა, რამაც ათასი ბავშვი დატოვა ღირსეული სასწავლო პირობების გარეშე და ბავშვების ნაკადი 2000-მდე გაიზარდა. ინფრასტრუქტურა არის აბსოლუტურად მიუღებელი და გთხოვთ, მოხდეს შესაბამისი ინრფასტრუქტურის გამოყოფა. ბიბლიოთეკის თემა ასევე არის გადასაწყვეტი და გელათის მეცნიერებათა აკადემიის შენობა, რომელიც სერიოზულ რეაბილიტაციას საჭიროებს და რომელიც შეიძლება ჰუმანიტარული სწავლების მიმართულებით საუკეთესო რეგიონალური ცენტრი გახდეს", -განაცხადა მარიამ ჯაშმა.
მოსწავლე–ახალგაზრდობის სასახლე, რომელიც რკინიგზის სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დროებით განთავსდა, წლებია, დაზიანებულ შენობაში ფუნქციონირებს. შენობა წინა ხელისუფლების დროს ირ. აბაშიძის ქუჩაზე სამხატვრო სკოლის შენობაში ფუნქციონირებდა. პედაგოგები ძველ შენობაში დაბრუნებას, ან ახალ ადგილზე გადაყვანას მოითხოვდნენ.
კომიტეტზე ქუთაისის მაჟორიტარმა დეპუტატმა გენადი მარგველაშვილმაც ისაუბრა, მან ქუთაისში პარლამენტის ალტერნატივა მოითხოვა. მისი თქმით, პარლამენტის გადატანა გამოიწვევს ახლაგაზრდების გადინებას, რის შესაჩერებლადაც ქალაქში აუცილებელია სხვა პროექტის განხორციელება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი