"იძებნება ადამიანი, ვინც „მწერალთა სახლის“ ნაწილს შეიძენს"-თემურ ლანჩავა
ქუთაისის „მწერალთა სახლი“, შესაძლოა, გაიყიდოს. როგორც „ნიუპრესისთვის“ გახდა ცნობილი, „მწერალთა სახლის“ შენობა ეკონომიკის სამინისტროდან მერიის ბალანსზე გადავიდა.
ქუთაისის მერიის პრესსამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, შენობა მერიის ბალანსზეა, მაგრამ სხვა რაიმე გადაწყვეტილება მიღებული არ არის. როგორც ქუთაისის მერის მრჩეველმა, მწერალმა თემურ ლანჩავამ განაცხადა, ამ ეტაპზე შენობის გასხვისების საკითხი შეჩერებულია.
„ყოველდღე ველოდებით პასუხს, თუმცა ამ ეტაპზე ახალი არაფერია. არის მოლაპარაკება იმასთან დაკავშირებით, რომ შენობის ნაწილი მაინც გადმოგვეცეს. ვინაიდან ჩვენ არ გვაქვს ბიუჯეტი, რომ მოვახდინოთ შენობის რეაბილიტაცია, ამიტომაც იძებნება ისეთი ადამიანი, ვინც შეიძენს შენობის ნაწილს და დაგვეხმარება შენობის რეაბილიტაციაში, თუმცა ასეთი ადამიანი ჯერჯერობით არ მოიძებნა“,-განაცხადა ლანჩავამ.
„მწერალთა სახლი“ ადგილი, სადაც ცნობილი მწერლები იკრიბებოდნენ, ერთმანეთს თავიანთ შემოქმედებას უზიარებდნენ, დღეს სავალალო მდგომარეობაშია.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი