|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„მწერალთა სახლი“, რომელიც მწერლებს აღარ ეკუთვნის

ძველი დიდებიდან მხოლოდ სახელი აქვს შემორჩენილი. ქუთაისში „მწერალთა სახლის“ ადგილსამყოფელი ყველამ იცის, სიახლეს ვინმესთვის არც ეზოსა და შენობაში არსებული მდგომარება წარმოადგენს. მიტოვებული და მოუვლელი ეზო პოეზიის განწყობას ნამდვილად ვერ ქმნის და ვერც „მორიდებით“ მყოფი ლადო ასათიანის ძეგლი გაიძულებთ ეზოში შესვლას, თუ გადაუდებელი საქმე არ გაქვთ, ან რომელიმე იმ წრეზე არ დადიხართ, რომლებიც შენობის დაქირავებულ ფართში ფუნქციონირებს.

ადგილი, სადაც ცნობილი მწერლები იკრიბებოდნენ, თავიანთ შემოქმედებას ერთმანეთს უზიარებდნენ, დღეს სავალალო მდგომარეობაშია.  შენობას სრული რეაბილიტაცია ესაჭიროება. პრობლემას ის ობიექტებიც წარმოადგენს, რომლებიც  აღნიშნულ შენობაშია განთავსებული. “მუსიკალური სტუდია“,  „ხმის ჩამწერი სტუდია“,  „გაზეთის რედაქცია“ „ცეკვის ანსამბლი“, –  ეს არასრული ჩამონათვალია ობიექტებისა, რომლებიც  „მწერალთა სახლშია“ განთავსებული. 

არსებული მდგომარეობის გამო მწერალთა სახლის თავმჯდომარის გადაყენებას ითხოვენ. ახალგაზრდა მწერლის, ლევან გოგაბერიშვილის განცხადებით,  „მწერალთა სახლის“ თავმჯდომარე ის უნდა იყოს, ვინც   ქუთაისის ლიტერატურული ცხოვრების გააქტიურებას უზრუნველყოფს.

„დაწესებულება,  სადაც ქუთაისის ინტელიგენცია იკრიბებოდა, დღეს საკონცერტო დარბაზადაა ქცეული“.  „მწერალთა სახლი“ მწერლებს აღარ ეკუთვნის, თითქმის ყველა ოთახი გაქირავებულია, ზოგიც ჩაკეტილი, დერეფნები ჩაბნელებული“,– ასე აფასებს ახალგაზრდა პოეტი ლევან გოგაბერაშვილი  ქუთაისის „მწერალთა  სახლს“.  მისი თქმით,  დღეს  ქუთაისში  ლიტერატურული ცხოვრება მკვდარია.

 „მკვდარია ლიტერატურული ცხოვრება ქუთაისში. ,,მწერალთა სახლმა" ნამდვილად დაკარგა თავისი  ფუნქცია. არ ხდება შეხვედრები, სადაც ქუთაისელი მწერლები, პოეტები, ფილოსოფოსები, კრიტიკოსები შეიკრიბებიან  და  ერთმანეთის  შემოქმედებას განიხილავენ. არ იმართება  შეხვედრები  ახალგაზრდა მწერლებთან,  რომლებიც საკმარისად ბევრი  ვართ ამ ქალაქში. სრულიად უფუნქციოა აღნიშნული შენობა“,–  ამბობს ახალგაზრდა პოეტი.

ანალოგიური მოსაზრება აქვს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის  სტუდენტს,  ახალგაზრდა მწერალს, ანა სოფრომაძეს. მისი  თქმით,  ქუთაისი უმნიშვნელოვანესი კულტურული კერა იყო, სადაც მწერლები, პოეტები, მხატვრები და მეცნიერები მოღვაწეობდნენ, დღეს კი მდგომარეობა რადიკალურად შეცვლილია.

„მწერალთა სახლი“ სეპარატისტულად დაისაკუთრეს და მწერლების გარდა ყველას უშვებენ იქ. პირველი სართული სრულიად გაქირავებულია და ნამდვილად სამარცხვინო სივრცედ არის ქცეული. ქუთაისში  ყოველთვის იყვნენ და არიან  ნიჭიერი ადამიანები, თუმცა რთულად ეძლევათ თავიანთი ნიჭის რეალიზების საშუალება. მიზეზი კი, უპირველეს ყოვლისა, არის იმ სივრცის არ არსებობაა, რომელიც ხელს შეუწყობს თუნდაც,  იმ ნიჭიერი ახალგაზრდების შესაძლებლობის დღის სინათლეზე გამოტანას. ამისთვის კი უნდა მოხდეს  „მწერალთა კავშირის“ მათთვის გადაცემა და შენობის მოდერნიზება, სადაც  თავისუფალი სივრცე იქნება და ხელი შეეწყობა  ყველა ახალგაზრდას. ასეთი კი, საბედნიეროდ, ბევრია ჩვენს ქალაქში“,– აღნიშნა სოფრომაძემ.

„მწერალთა სახლის“ თავმჯდომარე  ქუთაისელი  მწერალი, „ხელოვნების ქურუმისა“ და „ქართული კულტურის რაინდის“ წოდების მფლობელი, ასევე  ქართულ მწერლობაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დაჯილდოებული თემურ ლანჩავა არის. ის  ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ  ყველა მწერალს, განურჩევლად ასაკისა, ეხმარება შემოქმედების გარჩევასა და წიგნის დაბეჭდვაში. თემურ ლანჩავა  30 წელია „მწერალთა სახლის“ თავმჯდომარეა, როგორც თავად აღნიშნავს, ათი წლის განმავლობაში  უხელფასოდ  ასრულებს სამუშაოებს.

„ჩვენ ხომ ბიუჯეტის  გარეშე ვართ დარჩენილი. ათი წელია, უხელფასოდ ვმუშაობ. ჩემთვის არ არსებობს ახალგაზრდა და მოხუცი მწერლები. ვცდილობთ,  ყველას  დავეხმაროთ.  არ არსებობს ადამიანი,  ვინც ჩემთან მოვიდა და არ დავეხმარე, წიგნის დაბეჭდვაში ხელი არ შევუწყვე.  ჩვენ არ ვყოფთ  ძველ და  ახალ თაობას.  ხანდახან ისეთებსაც  ვბეჭავ, რომელიც არცაა  დასაბეჭდი. რაც შეეხება ცეკვის  ანსამბლს,  მწერალთა და ხელოვანთა დაარსებული ანსამბლია და ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენი ანსამბლია და ვალდებულნი ვართ, შევინახოთ. ქალაქის მერი გვპირდება, რომ უახლოეს მომავალში შენობა ეკონომიკის სამინისტროდან მერიის დაქვემდებარებაში გადმოვა და შენობის ერთ სართულზე    „მწერალთა სახლი“ განთავსდება. რა თქმა უნდა, შენობას სჭირდება რეაბილიტაცია,  ველოდებით პასუხს მერიიდან“,– აღნინიშნა ლანჩავამ.

თემურ ლანჩავა, გარდა მწერალთა სახლის თავმჯდომარეობისა,  „საზოგადოება ქუთაისელი“–ს პრეზიდენტია.  „საზოგადოება ქუთაისელის“  შენობა ამ დროისთვის თამარ მეფის #5–შია. ლანჩავას განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ „მწერალთა სახლის“  შენობა მწერლებს გადაეცემათ, „საზოგადოება ქუთაისელიც“  იმ შენობაში დაიდებს ბინას.

„მწერალთა სახლის“  შენობასთან დაკავშირებით წლების განმავლობაში სხვადასხვა ინიციატივები გამოითქმებოდა.  მათ შორის ყველაზე საყურადღებო აქ მოსწავლე - ახალგაზრდობის სასახლის გადმოტანის  იდეა გახლდათ. ამ ინიციატივის ავტორებიც  თქმით, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე არა ისეთ მიუდგომელ ადგილზე უნდა იყოს, სადაც ახლაა, არამედ ქალაქის ცენტრში, სადაც ყველა მოსწავლე ადვილად შეძლებს მისვლას, ამასთანავე,  ის , რომ შენობა გარკვეული ისტორიის მატარებელია, ახალგაზრდებში ინტერესის გაღვივებას შეუწყობს ხელს.

როგორც „ნიუპრესს“ ქუთაისის მერიაში განუცხადეს,“მწერალთა სახლის“ შენობა ადგილობრივ თვითმმართველობას უკვე  გადაეცა. თუმცა რა ბედი ეწევა შენობას, ამის შესახებ ამ დრომდე მსჯელობენ ქუთაისის თვითმმართველობაში.

     

 

 

ავტორი: ანი ლიპარიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა