|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ოპერის თეატრში პრემიერაა - წარმოდგენილი იქნება ჯაკომო პუჩინის „ტოსკა“

23 და 25 დეკემბერს  ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიულ სახელმწიფო თეატრში (სამხატვრო ხელმძღვანელი - ირინე ლომინაძე) პრემიერაა.

  ოპერის თეატრის განცხადებით, წარმოდგენილი იქნება იტალიელი კომპოზიტორის ჯაკომო პუჩინის  საყოველთაოდ ცნობილი და აღიარებული შედევრი - ოპერა „ტოსკა“

" „ტოსკა” მსოფლიო საოპერო ლიტერატურის იმ შედევრთა რიგს განეკუთვნება, რომლის რეპერტუარში არსებობა განაპირობებს საოპერო თეატრის შემოქმედებით დონესა და იმიჯს, მეტყველებს მის პროფესიულ ხარისხზე. ქუთაისის ოპერის თეატრის რეპერტუარში ამ ეტაპზე ეს ჯაკომო პუჩინის პირველი ოპერა იქნება. შესაბამისად, აქტუალური და ძალიან საჭირო იყო „ტოსკას” დადგმა, მისი ახალი სცენური იერ-სახით წარმოდგენა, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ნაწარმოების მაღალმხატვრული ღირსებები ქმნის მისი ხანგრძლივი სცენური ცხოვრების ურყევ წინაპირობას", -აცხადებენ ოპერის თეატრში.

პუჩინის „ტოსკას“ საპრემიერო დადგმაზე იმუშავა არაერთგზის ნაცადმა და წარმატებულმა შემოქმედებითმა ჯგუფმა  დირიჟორ რევაზ ჯავახიშვილის, რეჟისორ მაია გაჩეჩილაძის, მხატვარ თეო კუხიანიძის შემადგენლობით. საპრემიერო სპექტაკლებში მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის ოპერის თეატრის სოლისტები ნათია სტეფანიშვილი, თამარ ლებენიძე (ტოსკა), არმაზ დარაშვილი, ბადრი ადამია (კავარადოსი), მამუკა ლომიძე, ოთარ ნაკაშიძე (სკარპია), გივი გიგინეიშვილი, კალისტრატე ხარჩილავა (ანჯელოტი), ბაკურ კვირიკაშვილი, ემილ ჩარგაზია (მნათე), ბერდია ონიანი (სპოლეტა), დავით სიმსივე  (შარონე, მეციხოვნე), ასევე ანრი ადამია (მწყემსი), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე), ორკესტრი. სპექტაკლს იდირიჟორებს თეატრის მთავარი დირიჟორი რევაზ ჯავახიშვილი.

წარმოდგენა 19  საათზე დაიწყება. 

სპექტაკლის  დადგმის მთავარი ხელშემწყობია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.

ცნობისთვის, ქუთაისის ოპერის თეატრის ამჟამინდელ მოქმედ რეპერტუარშია ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, „დაისი“, ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე“, ოთარ თაქთაქიშვილის „მინდია“, „პირველი სიყვარული“, რევაზ ლაღიძის „ლელა“, ივანე გოკიელის „წითელქუდა“, გიორგი ჩლაიძის „დარისპანის გასაჭირი“, ბიძინა კვერნაძის „იყო მერვესა წელსა“, ჯუზეპე ვერდის „ტრავიატა“, „რიგოლეტო“, პიეტრო მასკანის „სოფლის ღირსება“, რუჯერო ლეონკავალოს „ჯამბაზები“, სერგეი რახმანინოვის „ალეკო“.

ავტორი: ნიუპრესი