ქუთაისის რეფერალური ჰოსპიტალი კოვიდის ნიშნების მქონე პაციენტების მიღებას აგრძელებს
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ირაკლი შენგელია "ევექსის" რეფერალურ ჰოსპიტალში არსებული "ცხელების ცენტრის" მუშაობას გაეცნო.
ჰოსპიტალი 29 მარტიდან 31 აპრილის ჩათვლით COVID19-თან ბრძოლის სახელმწიფო სამედიცინო პროგრამაში იყო ჩართული და ცხელების მქონე და კოვიდინფიცირებულ პაციენტებს ემსახურებოდა.
რეფერალური ჰოსპიტალის დირექტორის ირაკლი გოგინავას განცხადებით, პირველი ივნისიდან კლინიკა მუშაობას პოლიპროფილურ რეჟიმში განაგრძობს, თუმცა ჰოსპიტალში რჩება ბოქსირებული განყოფილება, რომელიც კოვიდინფექციის ნიშნების მქონე პაციენტებს მიიღებს.
"ჩვენი კლინიკა მონაწილეობდა სახელმწიფო პროგრამაში და ვემსახურებოდით ცხელებიან პაციენტებს, მივიღეთ უამრავი საეჭვო სიმპტომების მქონე პაციენტი, ასევე ვუმკურნალეთ ერთ კოვიდინფიცირებულს. 1-ელი ივნილიდან ჩვენი კლინიკა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდა. ასევე მივიღებთ ცხელებიან პაციენტებს, მოხდება მათი პრეტრიაჟი. გადაიყვანება ბოქსში, დაიტესტება და დადასტურების შემთხვევაში მკურნალობას კოვიდმიმღებ დაწესებულებაში გააგრძელებს" - განაცხადა ირაკლი გოგინავამ.
შეგახსენებთ, ქუთაისის რეფერალურ კლინიკაში კოვიდინფიცირებულ ერთ პაციენტს უმკურნალეს, თუმცა ის პირველი ივნისიდან ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, საიდანაც გამოჯანმრთელებული გეშინ გაეწერა.
ავტორი: ნიუპრესი