ქუთაისში საერთაშორისო ფორუმი ,,ქალაქების შესაძლებლობების გაძლიერება“ გაიხსნა
ქუთაისში IV საერთაშორისო ფორუმი ,,ქალაქების შესაძლებლობების გაძლიერება“ გაიხსნა. ღონისძიება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში (KIU) იმართება.
ფორუმი ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტისა და მართვის და განვითარების გადაწყვეტილებების ჰაბის მიერ არის ორგანიზებული და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება.
ქუთაისის საერთაშორისო ფორუმი ქალაქების მდგრადი განვითარების პლატფორმაა, სადაც დაინტერესებულ მხარეებს - საჯარო მოხელეებს, სამოქალაქო საზოგადოების, მეცნიერებისა და ბიზნესის წარმომადგენლებს შეუძლიათ გაიზიარონ საუკეთესო პრაქტიკა და ერთობლივად შეიმუშავონ გადაწყვეტილებები ქალაქების მდგრადი განვითარებისთვის.
ღონისძიებაში მონაწილეობს მსოფლიოს 10-მდე ქვეყნიდან ჩამოსული დელეგაცია (გერმანია, დიდი ბრიტანეთი, ირლანდია, ესტონეთი, ნიდერლანდები, ჩეხეთი, პოლონეთი, რუმინეთი). ფორუმის მონაწილეები 2 დღის განმავლობაში წარადგენენ მოხსენებებს ისეთი საკითხების შესახებ, როგორებიცაა: სხვადასხვა ქვეყნების პრაქტიკა; მომავლისთვის მზადმყოფი ქალაქები; მუნიციპალური სერვისები ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში; ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების როლი ქალაქების ტრანსფორმაციისას; ქალაქების კულტურის პოტენციალის გამოვლენა; პროექტების მართვის ოპტიმიზაცია მომავლისთვის მზადმყოფ ქალაქებში; მოაზროვნე ქალაქების მწვანე გადაწყვეტილებები; დიალოგიდან ქმედებისკენ: იდეების ანალიზი, მომავალი გეგმები.
ფორუმის გახსნაში მონაწილეობდნენ: ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელია, ჩეხეთის რესპუბლიკის რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე რადიმ სრშენი, პოლონეთის რესპუბლიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილე კონრად ვოინაროვსკი, რუმინეთის სახელმწიფო მდივანი ოვიდიუ-ვასილე ჩიმპენი.
ქუთაისის საერთაშორისო ფორუმის თანაორგანიზატორები არიან რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი.
ავტორი: ნიუპრესი