ქუთაისის საკალათბურთო კლუბს დაფინანსება 60 000 ლარით გაეზარდა
ქუთაისის საკალათბურთო კლუბს "ქუთაისი 2010" დაფინანსება 60 000 ლარით გაეზარდა. ამის შესახებ ქუთაისის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე 37-ე სხდომაზე განაცხადეს. ბიუჯეტის გაზრდის წინააღმდეგი იყო "ევროპული საქართველოს" წევრი ამირან ძოწენიძე. მისი თქმით, ქალაქის მუნიციპალიტეტი საკალათბურთო კლუბს არ უნდა აფინანსებდეს.
"არ მიმაჩნია სწორად, ქალაქის მუნიციპალიტეტიდან ის გუნდი ფინანსდებოდეს, რომელიც ერთ ადგილზეა და არ ვითარდება. ყველას გვიყვარს კალათბურთი, ვგულშემატკივრობთ და გაგვიხარდება მათი წარმატება, მაგრამ უკეთესი იქნება თუ კერძო ინვესტორი დააფინანსებს და არა ქალაქის მერია. მათ უნდა იცოდნენ, რომ ქალაქის ბიუჯეტს არ ეყოფა თანხა მათი შორეული გეგმების დასაფინანსებლად"-განაცხადა ძოწენიძემ.
ქალაქის მერის შოთა მურღულიას განცხადებით კი, თუ მერია საკალათბურთო კლუბს დაფინანსებას მოუხსნის, კლუბის არსებობა-არ არსებობის საკითხი დადგება.
"მე მოხარული ვიქნები, თუ კლუბს კერძო ინვესტორი გამოუჩნდება, რომელიც დააფინანსებს, თუმცა ამ ეტაპზე მისი არსებობა- არ არსებობის საკითხი დადგება, თუ კი ჩვენ მას დაფინანსებას მოვუხსნით. რა ვუთხრათ მერე იმ ადამიანებს, ვისაც კალათბურთი ძალიან უყვარს, უყურებენ, გულშემატკივრობენ და გასულ წელს ძალიან ბედნიერებიც იყვნენ კლუბის ჩემპიონობით"-აღნიშნა მურღულიამ.
მეხუთე მოწვევის საკრებულოს სხდომა ბოლოჯერ გაიმართა. ახალი შემადგენლობით საკრებულო მუშაობას 20 ნოემბერს განაახლებს.
ავტორი: ხატია ბანძელაძე