ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე განმარტავს, საიდან აიღეს სოციალური დახმარება
ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარე ირაკლი შენგელიას განცხადებით, აუდიტის 2019 -2020 წლის დასკვნამ საზოგადოებაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია, ამიტომ საჭიროდ ჩათვალა განმარტების გაკეთება.
შენგელიას თქმით, არცერთ დეპუტატს სოციალურად დაუცველების ფული არ მიუთვისებია და თანხები საკრებულოს სოციალური განყოფილების ბიუჯეტიდან გამოიყო.
"ვინაიდან სახელმწიფო აუდიტის დასკვნაში ნახსენები, საჯარო მოხელეებისთვის გაცემული სოციალური დახმარების ნაწილის კომენტარების ირგვლივ არაერთი არასწორი და ხშირ შემთხვევაში, მოქალაქეების განზრახ შეცდომაში შეყვანის მიზნით გაკეთებული ინტერპრეტაციები იქნა გავრცელებული, საჭიროდ მივიჩნევ, რომ გაკეთდეს განმარტება ბიუჯეტის კონკრეტული მუხლის და ამ მუხლით გათვალისწინებული დახმარების შესახებ.
ბიუჯეტის კანონის შესაბამისად, ადგილობრივი ბიუჯეტიდან საკრებულოს ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გათვალისწინებული ასიგნებები მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, სახელფასო ანაზღაურება, ტრანსპორტის მომსახურება, სამივლინო ხარჯები და სხვა, მათ შორის არის სოციალური უზრუნველყოფის მუხლი, რომელიც განისაზღვრება 54.000 ლარით.
საჯარო სექტორში აღნიშნული მუხლის არსებობა განპირობებულია სოციალური პასუხისმგებლობის და დასაქმებულთა, მათ შორის პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის, სოციალური გარანტიის უზრუნველყოფით. ამ გზით, ინსტიტუცია იღებს პასუხისმგებლობას, რომ საჭიროების შემთხვევაში ამ მუხლიდან დაფინასდეს საავადმყოფო ფურცელი, დეკრეტული შვებულება და დასაბუთებული სოციალური დახმარება.
კიდევ ერთხელ მკაფიოდ განვმარტავ, რომ ამ მუხლიდან გაცემული დახმარება გათვალისწინებულია კონკრეტული ბიუჯეტის მუხლით და არ აკლდება არცერთი სხვა სოციალური თუ ჯანდაცვითი პროგრამების ბიუჯეტს", - განაცხადა ირაკლი შენგელიამ.
შეგახსენებთ, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდოიმარემ "ტვ. პირველთან" საუბრისას დაადასტურა, რომ მიღებული აქვს სოციალური დახმარების სახით დამატებით ერთი თვის ხელფასი.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი