|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის საოლქო კომისია დღეს 20 საჩივარს განიხილავს

59 ქუთაისის საოლქო კომისიაში განსახილველად 40 საჩივარი შევიდა, აქედან კომისიამ 20 საჩივარი უკვე განიხილა, დარჩენილი საჩივრების განხილვა დღეს გაგრძელდება.

საჩივრების განხილვა დღეს, 19.00 საათზე დაიწყება.

საოლქო კომისიაში ყველაზე მეტი საჩივარი "ახალგაზრდა იურისტებმა" შეიტანეს - ორგანიზაციის ქუთაისის ფილიალს ხელმძღვანელის გიორგი სანტურიანის განცხადებით, მათ ქუთაისის საოლქო კომისიაში 13 საჩივარი შეიტანეს.

"სამართლიანი არჩევნების" კოორდინატორის თეონა გოგიშვილის განცხადებით, მათი ორგანიზაციის მიერ ქუთაისში 11 საჩივარი დაიწერა, 10 მათგანის განხილვა უკვე მოხდა, ერთი საჩივრის განხილვა კი დღეს მოხდება.

თეონა გოგიშვილის თქმით, დარღვევები უმეტესწილად არის პროცედურული ხასიათის და იდენტურია გასულ წელს დაფიქსირებული დარღვევების.

საჩივრები დააფიქსირეს ასევე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებმა. კომისია განიხილავს "განვითარების და დემოკრატიის ცენტრის" და "ინსტიტუციური განცითარების ცენტრის " საჩივრებს.

საოლქო კომისიას საჩივრებით მიმართეს ასევე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა.

"ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის, გიგა შუშანიას განმარტებით, საოლქო კომისიაში მათი 3 განცხადება დარეგისტირდა.

3 საჩივარი დაწერა "ლეიბორისტული პარტიამ", რამდენიმე საჩივარი დააფიქსირა ასევე საარჩევნო ბლოკმა "დიმიტრი ლორთქიფანიძე, კახა კუკავა, დემოკრატიული მოძრაობა-თავისუფალი საქართველო".

საჩივრების დიდი ნაწილი შემაჯამებელ ოქმებთან და ჩანაწერთა წიგნთან დაკავშირებითაა. საჩივრები ეხება ასევე გადასატან ყუთს. დაფიქსირებულ შემთხვევებში მითითებულია, რომ ყუთი დალუქული არ იყო, რიგ შემთხვევებში დარღვეული იყო გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურა. დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც გადასატანი ყუთის სიაში მყოფ ამომრჩეველს არ ესაჭიროებოდა ეს მომსახურება.

გადასატან ყუთს ეხებოდა ასევე "ევროპული საქართველოს" საჩივარი, საოლქო კომისიამ ეს საჩივარი არ დააკმაყოფილა.

შეგახსენებთ, გუშინ განხილული 20 საჩივრიდან საოლქო კომისიამ 14 არ დაკმაყოფილდა, 2 განუხილველი დარჩა, რადგან არ იყო უფლებამოსილი პირის მიერ შედგენილი, ერთი ნაწილობრივ და 3 კი სრულად დაკმაყოფილდა.

ავტორი: ირინა მაკარიძე