ქუთაისის საქალაქო სასამართლომ საპატრიარქოსა და ჟურნალისტის დავა განიხილა
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ჟურნალისტ დალი ბარაბაძის სარჩელი არ დააკმაყოფილა.
ბარაბაძემ სარჩელი ქუთაისის ეპარქიის წინააღმდეგ შეიტანა. ის ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ მეუფე კალისტრატეს რვა ათასი ლარის მითვისებასა და სამსახურიდან გათავისუფლებაში ადანაშაულებდა.
სასამართლოზე მოპასუხე მხარეს საპატრიარქო წარმოადგენდა, რადგანაც ქუთაისის ეპარქია ცალკე იურიდიული პირი არ არის.
სასამართლო პროცესი, რომელსაც მოსამართლე ციცინო კიკვაძე უძღვებოდა, ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პროცესს მეუფე კალისტრატეც ესწრებოდა, რომელმაც დალი ბარაბაძე "მწვალებლობაში" დაადანაშაულა.
თავის მხრივ, განაჩენის გასაჩივრებას გეგმავს ჟურნალისტი და აცხადებს, რომ მეუფემ სასამართლოზე ზეწოლა განახორციელა, დიდმარხვის პირველ დღეს პროცესზე დასასწრებად მთელი ეპარქია მოიყვანა და შოუ მოაწყო.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი