ქუთაისის სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესი განახლდა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის პროცესი განახლდა. სხდომას მორაგბე ადვოკატთან და მეგობრებთან ერთად ესწრება.
პროცესს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე უძღვება.
დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მოწმეებს უსმენენ.
პატრულ ინსპექტორმა მალხაზ გაბეხაძემ ავტოსაგზაო შემთხვევის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ის სამტრედიაში პატრულირებდა და გამოძახებაზე 15 წუთში მივიდა. მოწმის თქმით, მისი ეკიპაჟი ადგილზე პირველი მივიდა და თავდაპირველად არ გაურკვევია, ვინ იყვნენ ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე მძღოლები, ამის შესახებ მოგვიანებით გაიგო.
პროკურორის კითხვაზე, ხომ არ მიუმართავს მისთვის მერაბ კვირიკაშვილს, პასუხობს, რომ ასეთი მოთხოვნა არ ყოფილა.
დღესვე მოწმის სახით დაიკითხა "სუს"-ის ოპერატიურ-ტექნიკური სააგენტოს წამყვანი სპეციალისტი ლაშა დეისაძე. მისი თქმით, მას ორი ეკიპაჟის ავტომობილიდან ბორდ კომპიუტერული ჩანაწერები უნდა ამოეღო, დაელუქა და გაეგზავნა შესაბამის სამსახურში. მის მიმართ მხარეებს კითხვები არ ქონდა, რის გამოც სასამართლო პროცესი 11 მაისისთვის გადაიდო.
სხდომას ასევე ესწრება გარდაცვლილის მამა მალხაზ პაპასკირი.
შეგახსენებთ, საქმე 2016 წელს მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ეხება, რასაც ოთხი ადამიანი ემსხვერპლა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი