ქუთაისის სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა განახლდა
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმის განხილვა განახლდა. პროცესს მერაბ კვირიკაშვილი ადვოკატთან და მეგობრებთან ერთად დაესწრო, ასევე იმყოფებოდნენ გარდაცვლილი გიორგი პაპასკირის ოჯახის წევრები.
პროცესს მოსამართლე მურთაზ კაპანაძე უძღვებოდა.
პროცესზე მოწმე კახი ნემსაძე დაიკითხა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევის დროს გზაზე ავტომობილით გადაადგილდებოდა. მან ავტოსაგზაო შემთხვევის მომენტი გაიხსენა. როგორც მან განმარტა, გზაზე სატრანსპორტო საშუალებები ახლო ინტერვალით მოძრაობდნენ და მოძრაობის დროს რაიმე დაბრკოლება არ შეუნიშნავს, ვიდრე ბმვ-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა მარჯვნივ არ აიღო საჭე, რასაც გზიდან გადასვლა მოყვა. ნემსაძემ განმარტა, რომ გზაზე შენიშნა ღია ფერის მანქანა, რომელმაც ბმვ-ს მარკის ავტომობილთან ახლოს ჩაიარა.
პროცესზე პროკურორმა მოწმის მიერ 2016 წელს მიცემული ჩვენება წაიკითხა, სადაც საუბარი არ არის ღია ფერის ავტომობილზე, რომელიც მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატის ინფორმაციით, ფიგურირებდა ავტოსაგზაო შემთხვევაში და რომლის მანევრირებასაც მოყვა ავარია. მოწმის თქმით, იმ დროისთვის პოლიციელებს ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სხვა ობიექტებზე არ უკითხავთ და თავად აფექტის მდგომარეობაში ამ ფაქტზე არ უსაუბრია.
ასევე დაიკითხნენ გამომძიებლები ავთანდილ ნიქაბაძე და დავით მაჩიტიძე. ავთანდილ ნიქაბაძის ინფორმაციით, მან კახი ნემსაძეს დაკითხვის დროს ყველა კითხვა დაუსვა, მათ შორის რომელიმე ავტომობილის მიერ ხომ არ მომხდარა მანევრირება, რაზეც უარყოფითი პასუხი მიიღო, თუმცა, რატომ არ მოხდა აღნიშნული ინფორმაცია ჩვენებაში, განმარტა, რომ უარყოფითი პასუხის გამო არ დაუფიქსირებია აღნიშნული ინფორმაცია.
მერაბ კვირიკაშვილის ადვოკატმა ნუგზარ კვინიკაძემ შენიშვნა გამოხატა. მან განაცხადა, რომ გამომძიებლის მხრიდან თუ დაისვა მსგავსი კითხვა, მაშინ ასეთი კითხვა ჩვენებაში უნდა ეწეროს. კვინიკაძის ვარაუდით, მოწმისთვის მსგავსი კითხვა საერთოდ არ დასმულა.
მედიისთვის კვლავ არ აკეთებს კომენტარს მერაბ კვირიკაშვილი.
მომდევნო პროცესზე საქმის ექსპერტები დაიკითხებიან. პროცესი 16 ივლისს გაგრძელდება.
შეგახსენებთ, 2016 წელს ქუთაისის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა.
ავტორი: ნიუპრესი