ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელებს სამი თვის ხელფასი არ მიუღიათ
ქუთაისის „ტორპედოს“ ფეხბურთელებს სამი თვის განმავლობაში ხელფასები არ აუღიათ. ამის შესახებ „ნიუპრესს“ ინფორმირებულმა წყარომ აცნობა. კლუბის წევრებს არც დავით ყიფიანის თასის მოპოვებისთვის დარიცხული 100 ათასი ლარიდან მიუღიათ პრემია.
„ამბობენ, რომ თანხა უახლოეს მომავალში ჩაირიცხება, თუმცა ამ დრომდე არაფერია, პრემიებზე ზედმეტია საუბარი“,- განუცხადეს "ნიუპრესს" .
საკითხთან დაკავშირებით კლუბის პრესსამსახუსს დავუკავშირდით. იუზა კაციტაძის განმარტებით, ხელფასების გაცემა მხოლოდ ერთი თვით დაგვიანდა: "გვპირდებიან, რომ 10 დეკემბრამდე გაიცემა ხელფასები და პრემიებიც,"-განაცხადა მან.
ქალაქის მერის შოთა მურღულიას განცხადებით, კლუბის წევრებმა ნოემბრის ბოლოს მიიღეს ოქტომბრის ხელფასი, გასასტუმრებელია ნოემბრის ხელფასები, რომელსაც 10 დეკემბრამდე მიიღებენ.
2016 წლის ბიუჯეტიდან ქალაქმა კლუბის შესანახად ორ მილიონზე მეტი ლარი გამოყო.
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრის ამირან ძოწენიძის განმარტებით, წელს "ტორპედოსათვის" 2 მლნ ლარზე მეტი გაიღო ქალაქის ბიუჯეტმა, თუმცა ამ თანხიდან მილიონ 100 ათასამდე ფეხბურთის განვითარების ფონდში, მილიონამდე თანხა კი "ტორპედოს" მიმართულებით გადაირიცხა. საკრებულომ გუშინდელ სხდომაზეც განხორციელდა ბიუჯეტში ცვლილება, რომლის მიხედვითაც 279 000 ლარი გადაერიცხა კლუბს.
შეგახსენებთ, ქალაქთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე კლუბის საქმიანობაზე პასუხისმგებლობა ინვესტორმა აიღო. როგორც ცნობილი გახდა, ინვესტორმა კლუბის დაფინანსებაზე უარი განაცხადა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი