ქუთაისელი მაღალჩინოსნების ბიზნესინტერესები "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევაში მოხვდა
"საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" კვლევაში, რომელიც მუნიციპალიტეტების მაღალი თანამდებობის პირთა ბიზნესინტერესებს, არასრულად შევსებული დეკლარაციებსა და შეუთავსებელ საქმიანობას უკავშირდება, ქუთაისის ვიცე მერის და საკრებულოს თავმჯდომარის სახელები მოხვდა.
კვლევის მიხედვით, ქუთაისის მერის მოადგილეს იუზა უგულავას და საკრებულოს თავმჯდომარეს ნიკა ლარატიას კუთვნილი კომპანიები დეკლარირებული აქვთ, თუმცა საკუთარი წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვთ გადაცემული.
კვლევაში ვკითხულობთ, რომ ქუთაისის მერის მოადგილე იუზა უგულავას 2019 წლის ივნისში დეკლარირებული აქვს, რომ შპს „იუკოს” 50% წილის მესაკუთრეა, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნული წილი მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.
საკრებულოს თავმჯდომარე ნიკოლოზ ლატარიას 2018 წლის სექტემბერში დეკლარირებული აქვს, რომ შპს „ნიკოილი თერჯოლას” 50%, შპს „გიოს” 40%, შპს „ნიკოილი 9”-ის 100% და შპს „ფრეშ ფუდის” 55% მესაკუთრეა, თუმცა კანონის მოთხოვნის მიუხედავად, მას აღნიშნულ წილები მართვის უფლებით სხვა პირისათვის არ აქვს გადაცემული.
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ”, თბილისის მიღმა, საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის მერების, საკრებულოს თავმჯდომარეებისა და მათი მოადგილეების 300-ზე მეტი ქონებრივი დეკლარაცია შეისწავლა.
მონიტორინგის შედეგად, 78 დეკლარაციაში 128 სხვადასხვა დარღვევა გამოვლინდა. მათ შორის: დეკლარაციის არასრულად შევსების 56 ფაქტი, კომპანიებში კუთვნილი წილის სხვა პირისთვის მინდობით გადაუცემლობის 56 შემთხვევა, თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობის 16 ფაქტი. ამასთან, 5 თანამდებობის პირთან დაკავშირებული კომპანიები სახელმწიფო ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში მონაწილეობენ.
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის” თანახმად, პირი თანამდებობაზე დანიშვნიდან ორი თვის ვადაში ვალდებულია სამეწარმეო ორგანიზაციებში არსებული საკუთარი წილები მართვის უფლებით გადასცეს სხვა პირს] და თანამდებობაზე დანიშვნიდან 10 დღის ვადაში დატოვოს სამეწარმეო ორგანიზაციის დირექტორის, ხელმძღვანელის პოზიცია.
"საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ" კვლევა 2019 წლის 2 ოქტომბერს გამოაქვეყნა.
ავტორი: ნიუპრესი