ქუთაისში ზურაბ საკანდელიძის 70 წლის იუბილე აღნიშნეს
ქუთაისის სპორტის მუზეუმში მსოფლიო და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის, ზურაბ საკანდელიძის 70 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. მოეწყო კალათბურთელის ფოტოების გამოფენა, მოგვიანებით კი, ქუთაისის სპორტულ სკვერში საკანდელიძის ძეგლი საზეიმო ვითარებაში გაიხსნა.
ღონისძიებას ქალაქის მერი შოთა მურღულია, საკალათბურთო ფედერაციის ვიცე პრეზიდენტ ვლადიმერ ბოისასთან ერთად ესწრებოდა. „ჩვენ, საკალათბურთო ფედერაციასთან ერთად და საკანდელიძის ოჯახის წევრების თანხმობით, გადავწყვიტეთ, რომ დღევანდელი დღე მიგვეძღვნა საკანდელიძისთვის და ძალიან დიდი ზეიმი ყოფილიყო. ის ქუთაისში დაიბადა და გაიზარდა. ასეთი ადამიანები საამაყო უნდა იყვნენ მომავალი თაობისთვის“, - განაცხადა ქალაქის მერმა.
ვლადიმერ ბოისას თქმით კი: „ასეთი ღონისძიებები ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და კალათბურთისთვის რომ ახალგაზრდობას არ დაავიწყდეს, ვინ იყო ზურაბ საკანდელიძე“.
დღესვე ქუთაისის სპორტულ მუზეუმში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც ლეგენდარული კალათბურთელის ცხოვრებას ეხება.
ღონისძიება ქალაქის მერიის ორგანიზებით მოეწყო.
ავტორი: ხატია ბანძელაძე