ქუთაისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 45 წლის ქალი დააკავეს
შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1975 წელს დაბადებული ბ.კ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა მიმდინარე წლის 18 ივლისს, ქუთაისში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, თავის მეგობართან - 1989 წელს დაბადებულ ე.ჩ.-სთან სტუმრად ყოფნის დროს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მასპინძელს ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, ე.ჩ. ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ავტორი: ნიუპრესი