|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტი შესაძლოა 20 მილიონ ლარამდე გაიზარდოს - ხახალეიშვილი

 წელს ქუთაისში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების ბიუჯეტი შესაძლოა 20 მილიონ ლარამდე გაიზარდოს, - ამის შესახებ ქუთაისის მერმა იოსებ ხახალეიშვილმა განაცხადა. 

 მისი თქმით, ამ დროისათვის მიმდინარე პროექტებისთვის 14 მილიონამდე ლარი არის განსაზღვრული. 

 იოსებ ხახალეიშვილი რამდენიმე ობიექტზე სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო. მათ შორის, იმყოფებოდა ავტომშენებლის ქუჩაზე, სადაც წესრიგდება მდინარე ოღასკურას კალაპოტი, პარალელურად კი, ეწყობა რეკრეაციული ზონა. ქალაქის მერმა დაათვალიერა ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრიდან ბუხაიძის ქუჩამდე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები. პროექტის მიხედვით, ადგილზე დაიგება ასფალტის საფარი, მოეწყობა დახურული ტიპის სანიაღვრე ქსელი და ტროტუარი.

მერი, ასევე, იმყოფებოდა მე-11 სპორტულ სკოლაში, სადაც მიმდინარეობს ადმინისტრაციული შენობის კეთილმოწყობა, კეთდება ჰარდის ტიპის საფარი და სრულად განახლდება ჩოგბურთის კორტები.

„ჩვენს ქალაქში აქტიურად მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. მიმდინარე წელს პირველ ეტაპზე ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად გამოყოფილი თანხა 14 მილიონამდე ლარს შეადგენს. მრავალფეროვანია პროექტების სახეობებიც, ერთდროულად მიმდინარეობს საგზაო ინფრასტრუქტურის, რეკრეაციული ზონებისა და საყრდენი კედლების მოწესრიგება, ასევე, რეაბილიტაცია უტარდება სპორტულ სკოლებს. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ქუთაისში პირველად ჩვენ ვიწყებთ სტანდარტების მიხედვით ჰარდის ტიპის საფარისა და ჩოგბურთის კორტების მოწყობას, რაც ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნება ჩოგბურთის მოყვარულთათვის. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ პროექტების მეორე ეტაპზე და ვფიქრობ, მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურის ბიუჯეტი ჯამში 20 მილიონი იქნება, რაც ძალიან ბევრ განახლებულ ლოკაციას შესძენს ჩვენს ქალაქს”, - განაცხადა ხახალეიშვილმა.

 

 

 

ავტორი: ნიუპრესი