ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლები გაზგასამართი სადგურის მშენებლობას აპროტესტებენ [VIDEO]
ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, მოედნის წინ, კაფე „ბუნგალოს“ ტერიტორიასთან გაზგასამართი სადგურის მშენებლობა დაიწყო.
აღნიშნულს ადგილობრივები აპროტესტებენ. მათი განცხადებით, დასახლებული პუნქტის სიახლოვეს ბენზინგასამართი სადგურის ფუნქციონირება სახიფათოა. ადგილობრივების განცხადებით, ისინი თავიანთი უფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართავენ.
ჯავახიშვილის ქუჩის მცხოვრებლებმა დახმარებისათვის საკრებულოს დეპუტატ ნატო ქათამაძეს მიმართეს. დეპუტატის განცხადებით, მასთან შევიდა მოსახლეობის ხელმოწერილი განცხადება, რომელსაც უყურადღებოდ ვერ დატოვებდა.
მისი თქმით, ის მოსახლეობის ინტერესებს სასამართლოშიც დაიცავს, თუკი ამის საჭიროება იქნება.
ქათამაძის თქმით, ქალაქის მერმა საკრებულოს დადგენილების საწინააღმდეგო გადაწყვეტილება მიიღო.
"საკრებულოს 2015 წლის დადგენილების მიხედვით, ქალაქის "მეორე საცხოვრებელ ზონაში" აკრძალულია მსგავსი ტიპის მშენებლობები, 2016 წლის 23 დეკემბერს კი ქალაქის მერმა გასცა ნებართვა ზურაბ ფილიპიას კუთვნილ ტერიტორიაზე ანიშნული მშენებლობის შესახებ, რაც წინააღმდეგობაში მოდის საკრებულოს დადგენილებასთან", - განაცხადა ნატო ქათამაძემ.
აქციის მონაწილის დალი ბარაბაძის განცხადებით, მოსახლეობის სახელით, ის ქალაქის მერს შეხვდა და მშენებლობის შეჩერება მოთხოვა, თუმცა ბარაბაძის თქმით, ქალაქის მერმა განაცხადა, რომ მას არ აქვს უფლება კერძო მეწარმეს მის საქმიანობაში ხელი შეუშალოს.
ქუთაისის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის ბაქარ ჭეიშვილის განცხადებით, ნატო ქათამაძე აღნიშნულ საკითხში არაკომპეტენტურია. მისი თქმით, აღნიშნული ტერიტორია მესამე ზონაშია, სადაც კანონმდებლობით დაშვებულია ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობა.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი