ომარ ნიშნიანიძე ქუთაისში მიწისქვეშა ტურიზმის განვითარების იდეით გამოდის
ქუთაისში მიწისქვეშა ტურიზმის განვითარებაზე ზრუნვას პარლამენტარი ომარ ნიშნიანიძე იწყებს. მისი თქმით, აღნიშნული ინიციატივა ჟურნალისტის ნანული ცხვედიანის წიგნის ,,გახსოვს, ქუთაისო?'' წაკითხვის შემდეგ გაუჩნდა. ნიშნიანიძე აპირებს ამ იდეის შესახებ პარლამენტში განაცხადოს. ნიშნიანიძე იმედს გამოთქვამს, რომ ამ იდეის განხორციელებაში ადგილობრივი თვითმართველობაც ჩაერთვება.
"რამდენიმე დღის წინ შესანიშნავმა ჟურნალისტმა და ლიტერატორმა, ნანული ცხვედიანმა მაჩუქა თავისი არაჩვეულებრივი წიგნი ,,გახსოვს, ქუთაისო?'' ამ წიგნში შეტანილია 2007 წელს გაზეთ ,, PS'' -ში გამოქვეყნებული სტატია ,,მიწისქვეშა ქუთაისი''.
საქმე იმაშია, რომ ქალაქის მიწისქვეშეთი კარსტული მღვიმეებითაა დაფარული, განსაკუთრებით საფიჩხია-ჭახათის მიმდებარე ტერიტორიები. 1956 წელს ქართველი ალპინისტების თვალსაჩინო წარმომადგენლები ალიოშა (ატე) ნემსიწვერიძე, გივი ყალაბეგაშვილი და მთასვლელ-კორესპოდენტი ბონდო მაღლაფერიძე, პეტრე ჭაბუკიანის დახმარებით ჩავიდნენ ერთ-ერთ მღვიმეში და საინტერესო ჩანაწერებიც დაგვიტოვეს მის შესახებ, რომლის სიგრძე რამოდენიმე კილომეტრს აღწევდა. მასში უნახავთ პატარ-პატარა ტბები, ნაკადულები, წყალვარდნილები, სხვადასხვა ზომის დარბაზები, ცხადია სტალაგმიტებითა და სტალქტიტებით შემკულები. 60 წელი გავიდა მას შემდეგ და როგორც ქ-ნი ნანული წერს, ამ შესანიშნავი ადამიანების წვლილი დავიწყებას არ უნდა მიეცეს, და იქვე აღნიშნავს, რომ უნდა ვიზრუნოთ მიწისქვეშა ტურიზმის განვითარებაზე ჩვენს უსაყვარლეს ქალაქში. სავსებით ვეთანხმები და მხარს ვუჭერ ამ იდეის აღორძინებას, ვიქნები მისი ლობისტი ყველა სახელმწიფო ინსტანციაში. მე, როგორც პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, კომიტეტის უახლოეს სხდომაზე გავაჟღერებ ამ იდეას და მხარდაჭერისაკენ მოვუწოდებ კომიტეტის წევრებს, აგრეთვე შესაბამის სამინისტროს, სათანადო ფინანსების მოსაპოვებლად. იმედია, თავის წვლილს შეიტანს ქალაქის ადგილობრივი ბიუჯეტიც ამ იდეის ხორცშესხმისათვის. მადლობა ქალბატონ ნანული ცხვედიანს ამ შესანიშნავი წიგნისათვის და ამ საუცხოო იდეისათვის,"– განაცხადა ომარ ნიშნიანიძემ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი