ქუთაისში მოსახლეობის დიდი წილი ვაჭრობა-მომსახურების სფეროშია დასაქმებული
ქუთაისში მოსახლეობის დასაქმების დიდი წილი ვაჭრობასა და მომსახურების სფეროზე მოდის.
ქუთაისის მერიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური დოკუმენტის თანახმად, ქალაქში 2015 წლის მონაცემებით 147 900 მოსახლე ცხოვრობს, საინადაც დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 21 733-ს, რითაც ის ორჯერ ჩამორჩება ბათუმს და მცირედით უსწრებს რუსთავს. მაღალია თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა, რაც ეკონომიკურად აქტიური მოსახლეობის 16-18%-ს შეადგენს.
დოკუმენტის თანახმად, მრეწველობაში დასაქმებულთა საერთო რიცხოვნობა შეადგენს 11,1%-ს, ხოლო ვაჭრობა-მომსახურებაში - 38,7%-ს, ჯანდაცვაში - 9,2%-ს, განათლებასა და სპორტში - 17,8%-ს.
მაღალი ხვედრითი წილით გამოირჩევა მუნიციპალურ სტრუქტურებში დასაქმებულთა რაოდენობა (7,5%), რაც მცირე ზომის ქალაქისათვის, რომლის ბიუჯეტის შემოსავლების ძირითად ნაწილს გრანტები შეადგენს, არასასურველია,- ნათქვამია მერიის დოკუმენტში.
ბოლო ათწლეულებში ქალაქში გამოშვებული პროდუქციის სტრუქტურა ძირეულად შეიცვალა. ძირითადმა „დატვირთვამ“ მომსახურე დარგებზე გადაინაცვლა. კერძოდ, თუ საწარმოო სფეროს გამოშვებული პროდუქციის სტრუქტურაში მხოლოდ 17% უჭირავს, ვაჭრობა 36,5%–ით ფიქსირდება, განათლება, ჯანდაცვა და სპორტი 7,5%–ით, ხოლო მშენებლობა 12%–ით.
საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, ქუთაისში 2015 წლისათვის რეგისტრირებული იყო 35 776 ბიზნეს სუბიექტი. ბიზნესის მთლიანმა ბრუნვამ 2014 წლისათვის შეადგინა 1 176,3 მლნ. ლარი. მერია მნიშვნელოვნად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2013-2014 წლებში რეგისტრირებული საწარმოების რაოდენობის მიხედვით, ქუთაისი უსწრებს თბილისის გარდა ყველა დიდ ქალაქს საქართველოში, ამასთან, დადებითი დინამიკით ხასიათდება.
ქუთაისში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი მსოფლიოს 20-მდე ქვეყანაში ხორციელდება. ამასთან, ქუთაისში არსებობს ორი თავისუფალი ინდუსტრიული ზონა, რომლებიც მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს და სტრატეგიული მდებარეობის გამო პოტენციურ ინვესტორთა დაინტერესებას იწვევს.
ავტორი: ნიუპრესი