ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე დევნილი ოჯახებისთვის 3 კორპუსი შენდება
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე, 720 დევნილი ოჯახისთვის 3 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები ივნისიდან მიმდინარეობს
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 5 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კომპლექსები შენდება.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორი, ზურაბ უტიაშვილი თბილისსა და ქუთაისში მიმდინარე მასშტაბურ სამშენებლო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.
„თბილისში, თვალჭრელიძის ქუჩაზე, იძულებით გადაადგილებული 2400 ოჯახისთვის განკუთვნილი 11 კორპუსი შენდება. მშენებლობა მაისში დაიწყო და 2 კორპუსის კარკასი უკვე დასრულებულია. 720 ოჯახი განახლდება ქუთაისში - ნიკეას ქუჩაზე, 3 კორპუსის სამშენებლო სამუშაოები ივნისიდან მიმდინარეობს და უკვე დასრულებულია ერთი კორპუსის კარკასის მშენებლობა. სამუშაო პროცესები აქტიურ რეჟიმში, სტანდარტების სრული დაცვით ხორციელდება და დათქმულ ვადებში დასრულდება. ზურაბ უტიაშვილი, ქუთაისში, იმ დევნილ ოჯახებსაც შეხვდა, რომლებსაც ბინები მიმდინარე წელს გადაეცათ - რამდენიმე თვის წინ, ქუთაისში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 480-მა ოჯახმა მიიღო.
დევნილი ოჯახებისთვის ღირსეული საცხოვრებელი პირობების შექმნის მიზნით, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, განსახლების მასშტაბური პროგრამა, 2022 წელს დაიწყო. პროექტის ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, 2025 წლის ბოლომდე, საცხოვრებელი ფართით, ჯამში, 13 000 ოჯახს დააკმაყოფილებს. აქედან, 7000-ზე მეტ ოჯახს, ახალაშენებულ კორპუსებში, გარემონტებული ბინები გადაეცემა, ხოლო 6000 ოჯახი „სოფლად სახლის“ პროგრამის ფარგლებში განსახლდება“, - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ავტორი: ნიუპრესი