ქუთაისში "ორმაისობის" კონცერტების ჰონორარზე 55 953 ლარი დაიხარჯა
ქუთაისში „ორმაისობის" დღესასწაულზე ღონისძიება რამდენიმე ადგილზე გაიმართა. ღონისძიებები საღამოს ცენტრალურ მოედანზე გალა-კონცერტით დასრულდა. კონცერტში პროექტ „მთელი საქართველო სიყვარულით ქუთაისს“ მონაწილეები მონაწილეობდნენ.
„ნიუპრესი“ დაინტერესდა ჰონორარებისათვის გაცემული თანხის ოდენობით. როგორც კონსოლიდირებული ტენდერებით ირკვევა, „ორმაისობის“ ორდღიანი კონცერტების ჰონორარმა 55 953 ლარი შეადგინა.
ბიუჯეტიდან „ალტერ ორკესტრმა" მირიან ხუხუნაიშვილის ხელმძღვანელობით 26 785 ლარი მიიღო. ფოლკლორულმა ანსამბლმა „ბერმუხამ“ - 6 250 ლარი.
ჯგუფს „ჩვენი კვარტეტი“ - 1 658 ლარი ჩაერიცხა.
პროექტში მონაწილე თითოეული მომღერლის ჰონორარი კი 1 275 ლარით განისაზღრა. ჯამში, გიორგი სუხიტაშვილმა, სალომე კორკოტაშვილმა, მაია ბარათაშვილმა, მიხეილ ჯავახიშვილმა, ნუკრი კაპანაძემ, ნეკა სეფისკვერაძემ, ეკატერინე დოლიძემ, ნოდარ ტატიშვილმა, სოფიო გელოვანმა, სალომე ბაკურაძემ, თემო საჯაიამ და გიორგი მეფისაშვილმა 15 703 ლარი მიიღეს.
ნუგზარ ერგემლიძემ 1 250 მიიღო, დიჯეი Zapa - ზაზა ფანჩულიძემ - 500 ლარი.
3 მაისს პირველი ბიზნეს ფორუმის „ოქროს საწმისის ძიებაში“ ორმაისობის დღესასწაულის ფარგლებში გამართული კონცერტისთვის კონსტანტინე ამაშუკელმა 4 210 ლარი მიიღო.
კონცერში მონაწილეთა მრავალრიცხოვნების მიუხედავად, მათ შორის ვერ მოხვდნენ ადგილობრივი მომღერლები. მათ მერია დაბლოკვაში დაადანაშაულეს.
"მინდოდა "ორმაისობას" ჩემს ქალაქში მემღერა"- ქუთაისელი მომღერლების პროტესტი
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი