ქუთაისში კლუბი "VOID" -ი გაიხსნა
ელექტრონული მუსიკა, რითმებს აყოლილი მსმენელი, გართობა და შინაგანი თავისუფლება - ქუთაისში კლუბი "VOID"-ი გაიხსნა.
რამდენიმე მეგობრის მრავალწლიანი იდეა "VOID" -ის სახით განხორციელდა. ლოკაციაც კლუბის შესაფერისად შეირჩა. ჯაჭვის ხიდის მიმდებარედ, სიღრმეში არსებული სივრცე კლუბურ ცხოვრებას გაცილებით მიმზიდველს ხდის. კლუბის გახსნა გუშინ მოეწყო. ელექტრონული მუსიკის მოყვარულები შეიკრიბნენ და ქუთაისის კლუბური ცხოვრების დაწყება ერთად აღნიშნეს. კლუბის გახსნაზე ადგილობრივებთან ერთად ბათუმიდან მოწვეული არტისტები უკრავდნენ.
"კლუბის დაარსება რაიმე სტატისტიკაზე დაყრდნობით არ გადაგვიწყვეტია, ეს ჩვენი ბავშვობის სურვილი იყო. რამდენად მომგებიანი იქნება, ამას დრო გვიჩვენებს. "პიონერები" ვართ და ვცდილობთ დავნერგოთ კლუბური ცხოვრების კულტურა, აქედან გამომდინარე, მაქსიმალური სიმკაცრე იქნება დაცული. იქნება კონტროლი და დაცვა მოახდენს აქ მყოფთა უსაფრთხოებას, რადგან კლუბში მყოფებს შესაბამისი გართობის შესაძლებლობა მიეცეთ. ვეცდებით, ჩვენთან მოსულ ადამიანებს დისკომფორტი არ შეექმნათ",- ამბობს ბექა სვანიძე.
"ვოიდში" ივენთები კვირაში ერთხელ მოეწყობა. აქ როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოელი შემსრულებლების მოსმენა იქნება შესაძლებელი.
"ჩვენი მთავარი მიზანი ადგილობრივი მუსიკოსების პოპულარიზაციაა. ამავდროულად, კლუბში ადგილობრივებთან ერთად სხვადასხვა ქალაქიდან და ქვეყნებიდან მოწვეული არტისტები დაუკრავენ. დღეს, სტუმრად გვყავს ბათუმელი DJ "ბენე" და ირაკლი გუგუშვილი. თუმცა, ეს ყველაფერი არ არის, სექტემბრიდან ვაპირებთ ევროპელი არტისტების ჩამოყვანას. ამ ეტაპზე მოლაპარაკება გვაქვს ცნობილ დიჯეებთან და რასაც ჩვენი კლუბის ბიუჯეტი შეგვაძლებინებს, იმის მიხედვით, ქუთაისელ მსმენელს თვეში ერთხელ ევროპელი არტისტების შემოქმედებას გავაცნობთ",-განაცხადა DJ ZAPA-მ.
კლუბში შესვლას ვერ შეძლებენ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები. ისინი ვინც მინიმალურ მოითხოვნებს დაიცავენ, შესაძლებლობა ექნებათ ყოველდღიურ რუტინას ელექტრონული მუსიკით დააღწიონ თავი და შინაგანი თავისუფლების რითმებით დაიმუხტონ.
ავტორი: ანი ლიპარიშვილი