ქუთაისში პოლონეთის პირველი პრეზიდენტის ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლი გაიხსნა
ძეგლის გახსნას ესწრებოდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, კუიავსკო-პომორსკის მარშალის მოადგილე სლავომირ კოპიშჩი, პოლონეთის კულტურის მინისტრის მოადგილე ვანდა ზვინოგროდსკა, პოლონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში მარიუშ მაშკიევიჩი, პოლონეთის ოფიციალური დელეგაცია და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.
„ქართულ-პოლონური ურთიერთობების ისტორიაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ქუთაისის მეგობრულ კავშირებს პოლონეთის რეგიონებთან და ქალაქებთან. ცოტა ხნის წინ ქალაქ ტორუნში გაიხსნა წარმოშობით ქუთაისელის და პოლონეთში მოღვაწე ქართველის, ვიტალი უგრეხელიძის სახელობის მოედანი. დღეს კი, ქუთაისში, ქართულ-პოლონური მეგობრობის სკვერში დამოუკიდებელი პოლონეთის პირველი პრეზიდენტის, ქუთაისში დაბადებული ვლადისლავ რაჩკევიჩის ბიუსტი გავხსენით. ვლადისლავ რაჩკევიჩის ძეგლი კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯია ქართულ-პოლონურ ურთიერთობებში. ჩვენი ქვეყნის და ქალაქის პოლონელი სტუმრებისთვის საქართველოში აუცილებლად მოსანახულებელ ადგილებს შორის ამიერიდან ეს სკვერი და ძეგლიც იქნება“, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.
ავტორი: ნიუპრესი