ქუთაისში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების კურსებზე მიღება იწყება
ქუთაისის მუნიციპალიტეტში ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების კურსებზე მიღება იწყება. პროექტი ხორციელდება საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების გენდერული სერვისების პროგრამის ფარგლებში. კურსი განკუთვნილია ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის, რომლებსაც სურვილი აქვთ, დაეუფლონ ავტობუსის მძღოლის პროფესიას.
ქუთაისის მერიაში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობდნენ ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელი სოფო ჩიხრაძე, ქუთაისის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს ხელმძღვანელი მაგდა კოსტავა, ქუთაისის სატრანსპორტო კომპანიის და დაინტერესებული სფეროების წარმომადგენლები.
პროექტის „ქალების ავტობუსის მძღოლებად მომზადების უფასო კურსის“ პრეზენტაცია წარმოადგინა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების გენდერული სერვისების პროგრამის ხელმძღვანელმა ნინო ესაკიამ .
„D“ კატეგორიის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მისაღებად მონაწილეები გაივლიან თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, მონაწილეები მიიღებენ კურსის გავლის დამადასტურებელ მოწმობას. კურსის დასრულების შემდეგ, კანდიდატები ავტობუსის მძღოლის „D“ კატეგორიის მართვის უფლების მისაღებ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდაზე გასვლას შეძლებენ. კურსი სრულად ფარავს მომზადების, გამოცდაზე გასვლის, მართვის მოწმობის და ტრანსპორტირების ხარჯებს. პროექტი ხორციელდება „საქართველოს ურბანული ტრანსპორტის გაუმჯობესების გენდერული საკონსულტაციო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, EY საქართველოს დახმარებითა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით. პროექტის მიზანია საქართველოს მუნიციპალურ სატრანსპორტო სექტორში თანაბარი შესაძლებლობების შექმნა და ინკლუზიური სატრანსპორტო მომსახურების ხელშეწყობა, ქალების ეკონომიკური გაძლიერება და სატრანსპორტო სექტორში ქალთა როლის გაზრდა.
ავტორი: ნიუპრესი