|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში ქალის და მამაკაცის ტანსაცმლის მწარმოებელი საწარმო გაიხსნება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ მიერ  მხარდაჭერილი  პროექტების რიცხვს  კომპანია, შპს „ემჯიემტექს“ შეემატა, რომელიც მამაკაცისა და ქალის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს.

კომპანია წარმოადგენს ქართულ-რუმინული ინვესტიციით შექმნილ საწარმოს. შპს „ემჯიემტექსი“ არის  რუმინული ტანსაცმლის მწარმოებელი კომპანიის „Ottorose”  შვილობილი კომპანია, რომელიც პროდუქციას მსოფლიოში ისეთი ცნობილი ბრენდებისთვის აწარმოებს, როგორებიცაა: „H&M“, „Mango“, „Zara“, „Coast“, „Colveta“, „United Collors of Benneton“, „Oasis“ და სხვა. კომპანია საქართველოში ბიზნესის გაფართოებით 6 თვის წინ დაინტერესდა და გადაწყვეტილების მიღებამდე სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლების მხარდაჭერით კომპანია საქართველოში არსებულ საინვესტიციო შესაძლებლობებს სწავლობდა. ინვესტიციების მიმართულების წარმომადგენლები „ერთი ფანჯრის პრინციპით“  ეხმარებოდნენ დაინტერესებულ მხარეს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და პოტენციურ პარტნიორებთან დაკავშირებაში.

აღსანიშნავია, რომ შპს „ემჯიემტექს“ სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის კომპონენტითაც ისარგებლებს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში სესხის პროცენტის თანადაფინანსებას სააგენტო „აწარმოე საქართველოში“ განახორციელებს  და მის  ფარგლებში კომპანია უახლესი ტექნოლოგიის საკერავ მანქანა-დანადგარების შეძენას შეძლებს. საწარმო ექსპორტზე იქნება ორიენტირებული, კერძოდ უახლესი ტექნოლოგიით დამზადებულ, მაღალხარისხიან პროდუქციას ევროპის ქვეყნებში გაიტანს, როგორიცაა რუმინეთი, შვედეთი და სხვა.

შპს „ემჯიემტექს“, რომელიც 2018 წლის აპრილის დასაწყისში ამოქმედდება, წლიურად 3 300 000 ლარის ტანსაცმლის წარმოებას შეძლებს. საწარმო ამოქმედების პირველ ეტაპზე 250 ადამიანს დაასაქმებს, სამომავლოდ კი 350 ადამიანის დამატებას გეგმავს. ინვესტიციის მოცულობა საწყის ეტაპზე შეადგენს 1 200 000 ლარს, ხოლო შემდეგ ეტაპზე კომპანია დამატებით 2 500 000 ლარის ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს. აღნიშნული საწარმო ქუთაისში, ზ. გამსახურდიას გამზ. #47 განთავსდება.

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში - ინვესტიციის“ მიმართულების მიზანია საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების  მოზიდვა,  ხელშეწყობა და განვითარება. აღნიშნული მიმართულება წარმოადგენს ერთგვარ მედიატორს უცხოელ ინვესტორებსა და საქართველოს მთავრობას შორის, მუშაობს „ერთი ფანჯრის პრინციპით“ და ეხმარება დაინტერესებულ ინვესტორებს სხვადასხვა ინფორმაციის მიღებასა და ქართულ მხარესთან ეფექტური კომუნიკაციის წარმოებაში.

2018 წლის თებერვლის თვის მონაცემებით, პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ კერძოდ ინდუსტრიული, სოფლის მეურნეობის, სასტუმროს და ქონების გადაცემის კომპონენტის ფარგლებში მხარდაჭერილია 337 პროექტი, ინვესტიციის ჯამური მოცულობა 820 მლნ ლარს აღემატება, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობა 13 500-ზე მეტ ადამიანს შეადგენს.

ავტორი: ნიუპრესი