ნიკეასა და ავანგარდის შემაერთებელი გზის რეაბილიტაცია იწყება
ქუთაისში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის მერია ტენდერს აცხადებს. ნიკეასა და ავანგარდის დასახლების დამაკავშირებელი გზის მშენებლობის მრავალწლიანი სახელმწიფო შესყიდვისთვის მერიამ 2 816 448 ლარი გამოყო.
შემაერთებელი გზა სულხან-საბა ორბელიანის გამზირს კონსტანტინე გამსახურდიას, თაბუკაშვილისა და შევჩენკოს ქუჩების გავლით დაუკავშირდება.
ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ უნდა უზრუნველყოს გზის მშენებლობა ხელშეკრულების დადებიდან 360 კალენდარული დღის ვადაში. ვალდებულია სამუშაოები დაიწყოს ხელშეკრულების დადებიდან 5 კალენდარული დღის ვადაში.
მერია მონაწილეთათვის პირობებს აცხადებს, ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს შესრულებული უნდა ჰქონდეს ა/ბეტონის გზის კაპიტალური სამუშაოები, რომლის მოცულობა მიმდინარე წლის და ბოლო 3 წლის განმავლობაში არ უნდა იყოს სატენდერო თანხის 120%-ზე ნაკლები.
ჰქონდეს ინფორმაცია შესრულებულ ანალოგიური სამუშაოებზე და წარმოდგენილი ინფორმაციის დამადასტურებელი დოკუმენტი.
ამ დროისთვის უნდა წარმოადგინოს სამუშაოების შესრულებისათვის საჭირო მანქანა-მექანიზმების ჩამონათვალი (იჯარის შემთხვევაში იჯარის ხელშეკრულების დასრულების ვადა არ უნდა იყოს სამუშაოების დასრულების ვადაზე ნაკლები).
სამუშაოები მომავალი წლის ზაფხულში უნდა დასრულდეს, რის შემდგედაც ნიკეას ქუჩა სულხან- საბას გამზირს ახალი გზით დაუკავშირდება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი