ქუთაისში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევა დაიწყო
პროგრამის „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში პროექტების შესარჩევად კომისიის პირველი სხდომა ქუთაისში იმართება.
სხდომას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ირაკლი ქარსელაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის მხარეში ზვიად შალამბერიძე, ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილეები და იმერეთის რეგიონის 12 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სხდომა ჟურნალისტებისათვის დახურულ რეჟიმში წარიმართა.
ადმინისტრაციის ინფორმაციით, კომისიამ მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილ წინადადებებზე იმჯელა და შეარჩია ის არეალები, რომელთა ურბანული განახლების პროექტების/ესკიზების წარმოდგენა გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებულ კომპანიებს დაევალებათ.
იმერეთის შემდეგ, მიმდინარე კვირის განმავლობაში, კომისიის სხდომები გაიმართება რაჭაში, გურიაში, სამეგრელოსა და აჭარაში.
პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, 160 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერები ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა 28 აპრილს გამოაცხადა.
ტენდერები მოიცავს დასავლეთ საქართველოს ოცდათოთხმეტივე (34) მუნიციპალიტეტს. გამოცხადებული 8 ტენდერიდან, თითოეულის მოცულობა 20 მილიონი ლარია.
4-წლიანი უპრეცედენტო პროგრამის შესახებ ინიციატივა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 26 აპრილს გააჟღერა, პროგრამა საქართველოს 63 მუნიციპალიტეტს მოიცავს და მისი მხოლოდ პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულება 500 მილიონი ლარია. პროექტი რეგიონების ურბანულ განახლებას, სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტის და კერძო საკუთრებაში არსებული მნიშვნელოვანი ობიექტის განვითარებას გულისხმობს.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი