ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე განახლებული სკვერი გაიხსნა
ქუთაისში, რუსთაველის ქუჩაზე სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა. ქალაქის მერიის ინფორმაციით, სკვერში განახლდა საფეხმავლო ბილიკები, მოეწყო ახალი გაზონები, დაიდგა ლამპიონები, ძელსკამები, საბავშვო ატრაქციონები, დაირგო დეკორატიული მცენარეები.
დასრულებული სამუშაოები მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.
"ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ ნაწილს თანამედროვე დასასვენებელი ადგილი შეემატა. განახლებულ სკვერში ჩვენი თანაქალაქელები, თავიანთ პატარებთან ერთად, დროს სასიამოვნოდ გაატარებენ. მჯერა, ეს სკვერი მალე იქცევა ამ უბნის მცხოვრებელთა რჩეულ რეკრეაციულ ზონად", - განაცხადა დავით ერემეიშვილმა.
სკვერში სამუშაოები შპს "ნიუ სთაილმა" შეასრულა და მის რეაბილიტაციაზე 234 056 ლარი დაიხარჯა.
ავტორი: ნიუპრესი