ქუთაისში საფორტეპიანო დუეტი დაარსდა
ქუთაისელმა შემსრულებლებმა საფორტეპიანო დუეტი ჩამოაყალიბეს. 22 ნოემბერს ქუთაისის #2სამუსიკო სკოლაში ნათია მაისურაძის და გიორგი რევიშვილის დუეტის პრეზენტაცია-კონცერტი გაიმართა.
ნათია მაისურაძე ოპერის თეატრის კონცერტმაისტერი, ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის პედაგოგი და კონცერტმაისტერია, ამავდროულად არის ხელოვნებათმცოდნე, რამდენიმე პროექტის ავტორი. გიორგი რევიშვილი „misa“_ ს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის და მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის კამერული ორკესტრის დირიჟორი და პიანისტია.
ნათია მაისურაძის თქმით, მრავალმხრივია პროექტის მნიშვნელობა, რაც ადგილობრივი კადრების პროფესიულ ზრდას მოემსახურება.
"მრავალმხრივია პროექტის მნიშვნელობა, საინტერესოა იდეის სიახლით, მომავალი გეგმებით, განსხვავებული ფორმატის და შინაარსის კონცერტებით, რომელიც აუცილებელია ქალაქის უწყვეტი შემოქმედებითი პროცესისთვის და ემსახურება პირველ რიგში ადგილობრივი კადრების პროფესიულ ზრდას, ჟანრის განვითარებას.
ასეთი პროექტი, საქართველოში არ ვიცი, მაგრამ ქუთაისში არ ყოფილა, რაც გულისხმობს დუეტის სოლო კონცერტს და ამასთან, სამომავლო გეგმების არსებობას. ისეთი სირთულის ნაწარმოებები გვქონდა, რომ ბევრმა ნაწარმოებები არც იცოდა. ეს არის არა მხოლოდ საშემსრულებლო განვითარება, არამედ ქალაქის შემოქმედებითი განვითარება. კონცერტზე მოწვეული იყო საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, პიანისტი ნინო ჟვანია. ასევე გვქონდა შეთავაზება გოგი ჭიჭინაძესთან, ვალერიან შიუკაშვილთან და ნინო ქათამაძესთან, მაგრამ ფიზიკურად არ იყვნენ ქვეყანაში“, -განაცხადა ნათია მაისურაძემ.
კონცერტზე რთული რეპერტუარი შესრულდა. წარმოდგენილი იყო ი.ს.ბახის c-moll კონცერტი ორი ჩემბალოსა და სიმებიანთა ორკესტრისთვის, ვ.ა.მოცარტის სონატა D-dur ორი ფ-ნთვის,კ.გუასტავინოს "რომანსი" და დ.შოსტაკოვიჩის "კონცერტინო",ხოლო ბისზე მსმენელს შესრულდა ასტორ პიაცოლას "Addios Nonino". კონცერტი თითქმის ყველა ეპოქას ეხმიანებოდა.
შემსრულებლების ინფორმაციით, ჩატარებული კონცერტი და თავად იდეა საფორტეპიანო დუეტისა,გარკვეულ წვლილს შეიტანს არამარტო ქუთაისის, ასევე მთელი ქვეყნის მუსიკალური ცხოვრების აქტიურად განვითარებაში და ბიძგს მისცემს ამ გარკვეული მიმართულების -საფორტეპიანო ანსამბლის მეტ პოპულარიზებას და დაინტერესებას ახალგაზრდა მუსიკოსებში.
კონცერტის დაწყებიდან 5 წუთში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა და მხოლოდ კონცერტის დასრულების შემდეგ მოვიდა.
შემსრულებლები მხარდაჭერისთვის განსაკუთრებულ მადლობას უხდიან იმერეთის გუბერნიას, ქალაქის მერს და კულტურის ააიპის ხელმძღვანელობას და #2 სამუსიკო სკოლის დირექციას.
კონცერტის მნიშვნელობას გამოემხაურა საშემსრულებლო ფაკულტეტის დეკანი ნინო ჟვანია. მისი თქმით, შემსრულებლებმა ელექტოენერგიის გათიშვის მიუხედავად პროგრამას არაჩვეულებრივად გაართვეს თავი. ამასთან ნინო ჟვანია აცხადებს, რომ მეტად უნდა მოხდეს რეგიონალური მუსიკალური სკოლების ხელშეწყობა და განვითარება.
ავტორი: ნიუპრესი