ქუთაისში "საუკუნის ქურდობის" ფაქტზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ
ქუთაისში მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ქურდობის ფაქტზე დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ. დაკავებულების ადვოკატის, არჩილ ნიჟარაძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფებს საქმესთან შემხებლობა არ აქვთ და თავს უდანაშაულოდ ცნობენ.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფები ბრალს არ აღიარებენ. მიგვაჩნია, რომ წარდგენილ ბრალდებაში არიან უდანაშაულოები. არ არსებობს არცერთი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მათ ბრალეულობას. აუცილებლად გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში. ამოღებული თანხა, რომელიც არ არის დიდი ოდენობის და ძვირფასი ნივთები არის ოჯახის საკუთრებაა. ეს ნივთები იყო დალომბარდებული და მათი გამოტანის საბუთებიც აქვთ. იარაღები ნამდვილად მისი, რადგან ეს ადამიანი ხელოსანია. რაც შეეხება ნარკოტიკს, ის ჩაუდეს", - განაცხადა არჩილ ნიჟარაძემ.
მისი თქმით, დაკავებულებს აღმკვეთი ღონისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა უკვე შეეფარდათ. მომხდარზე გამოძიება რამდენიმე მუხლით დაიწყო.
სავარაუდო დამნაშავეები 2 დღის წინ დააკავეს. დაკავების შესახებ ინფორმაცია შსს-მ დღეს გაავრცელა.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი