ქუთაისში სოციალური საცხოვრისი ნიკეას ქუჩაზე მოეწყობა
ქუთაისში სოციალური საცხოვრისის მშენებლობისთვის გამოცხადებული კონკურსი დასრულდა. კონკურსში მონაწილეობისთვის განცხადება მხოლოდ ერთმა კომპანიამ წარადგინა.
ქუთაისის ვიცე–მერისა და კომისიის თავმჯდომარის კონსტანტინე ქავთარაძის განცხადებით, შპს "სანოს" მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო მონაცემები აკმაყოფილებდა პირობებს. მოხდება მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესწავლა და საბოლოო გამარჯვებულიც გამოვლინდება.
შპს "სანო" არის სამშენებლო კომპანია. მისი ფინანსური მენეჯერის, ოთარ სამყურაშვილის განცხადებით, კომპანიას აქვს საკმაოდ დიდი გამოცდილება. რაც შეეხება მათ მიერ წარდგენილ ფართს, ის ნიკეას ქუჩაზე მდებარეობს და 2 500 კვ. მეტრია. შენობაში 48 ბინა მოეწყობა. საცხოვრისის მშენებლობა 2017 წელს დასრულდება.
"ჩემთვის ნათელია, რას ემსახურება აღნიშნული კომისია და როგორ დაიხარჯება მილიონი ლარი!"–აცხადებს ცამციშვილი. მას სურვილი ჰქონდა კომისიის სხდომას დასწრებოდა და საკითხის განხილვაში მონაწილოება მიეღო.
ცამციშვილის სხდომაში მონაწილეობაზე უარის თქმას მერიაში მისი პოლიტიკური სტატუსით ხსნიან. მერიის საბინაო სამსახურის უფროსის ვლადიმერ ნაკაშიძის განცხადებით, ცამციშვილი წარმოადგენს პოლიტიკურ სუბიექტს და მისი მონაწილოება საბიუჯეტო საქმეში კანონის მიხედვით არ შეიძლება. რაც შეეხება, კონკურის დასრულდების ვადებს, მერიაში განმარტავენ, რომ დღეს მხოლოდ საბუთების შესწავლა მოხდა, რასაც დიდი დრო არ სჭირდება, მით უმეტეს, რომ მხოლოდ ერთი კონკურსანტი იყო. შემდგომ ეტაპებზე მოხდება კომპანიის მიერ წარდგენილი წინადადების შემოწმება.
ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი