"მოვა დრო და ჩემს ნახატებს ავხსნი" -ბაქარ ბანძელაძის ნამუშევრების გამოფენა გაიმართა [PHOTO]
სამ შვილთან ერთად დაღუპული მხატვრის ბაქარ ბანძელაძის ნამუშევრების გამოფენა ქუთაისში, საგამოფენო დარბაზ "ვარლაში" გაიმართა.
მეგობრების ორგანიზებით და ქალაქის მერიის მხარდაჭერით მოწყობილი გამოფენა მხატვრის დაბადების დღეს მიეძღვნა. 16 თებერვალს ბაქარ ბანძელაძეს 33 წელი შეუსრულდებოდა.
ბაქარის დედის ინესა დვალიშვილის თქმით, გამოფენის მოწყობა მისი შვილის ოცნება იყო, თუმცა ამბობდა, რომ ამის დროც დადგებოდა.
"გამოფენის მოწყობა მისი ოცნება იყო, თუმცა არ ჩქარობდა. 5 წლიდან ხატავდა, იესოს, ანგელოზებს, ასე დაიწყო ხატვა.. შემდეგ უკვე ისეთ ნახატებს ქმნიდა, რომ ადვილი გასაგები არ იყო, რომ ვკითხავდი, მპასუხობდა, მოვა დრო და ჩემს ნახატებს ავხსნიო"- იხსენებს ინესა დვალიშვილი.
მეგობრები მხატვრის ნამუშევრებს წინასწარმეტყველური მიიჩნევენ და აღნიშნავენ, რომ მხატვარმა მისი ოჯახის ტრაგედია წინასწარ დახატა.
"ამ სურთზე ჩანს ვარდნა და მგლოვიარე ქალი, ასევე ოთხი ნიღაბია, რაც ოთხ დაღუპულს ნიშნავს," - აღნიშნავს თეონა ეგუტიძე.
გამოფენას არ ესწრებოდა მხატვრის მეუღლე. ის ერთადერთია, რომელიც ტრაგიკულ შემთხვევას ცოცხლად გადაურჩა, თუმცა უმძიმეს მდგომარეობაში საავადმყოფოში რჩება.
შეგახსენებთ, ტრაგიკული შემთხვევა ქვიშხეთთან 26 იანვარს მოხდა, რა დროსაც 4 ადამიანი დაიღუპა.
ავტორი: ირინა მაკარიძე