|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში 354 589 ლარად რეაბილიტირებული შადრევანი მოსახლეობისათვის საფრთხის შემცველია

ქუთაისში, ხარაზოვის სკვერში დინამიკური, პროგრამირებადი შადრევანი, რისთვისაც ბიუჯეტიდან 354 589 ლარი დაიხარჯა, მოსახლეობისათვის საფრთხისშემცველია. 

როგორც ადგილობრივები ამბობენ, რამდენიმე დღის წინ კი ერთ-ერთი პარტიის საარჩევნო ღონისძიებაზე ქალი შადრევანში ჩავარდა და ფეხზე დაზიანება მიიღო, მას სამედიცინო დახმარება დაჭირდა.

მოსახლეობის თქმით, ფილები არ არის მყარად დამაგრებული და მასზე გადაადგილება საფრთხის შემცველია.

"როგორც კი გაივლი, მიხვდები რომ არაა კარგად გაკეთებული, ვინც ვიცით, ვერიდებით, მაგრამ ვინც არ იცის, როგორ მოიქცეს? გამაფრთხილებელი ნიშანიც არ არის. საკმაოდ მძიმე ფილები აქვთ ღია სივრცეზე დაწყობილი, სამაგრებიც არ აქვს წესიერი, ამასთან, ქვემოთ წყალია და როგორც ვიცით, დენიც გადის.  ხომ შეიძლება ვინმე ჩავარდეს შიგნით?  ბავშვებისთვისაც საშიშია, არადა, ბაღში იმიტომ დაყავთ, რომ აქ ითამაშონ. ამას ღია ჯობდა, ხედავდი მაინც, როგორიც იყო", -აცხადებენ ადგილობრივები.

ხარაზოვის სკევრში რეაბილიტაცია რამდენჯერმე მოხდა, სამუშაოებზე სოლიდური თანხაც დაიხარჯა. როგორც გასულ წლებში მერიაში აცხადებდნენ, სკვერში არსებული შადრევანი, არასწორად იყო მოწყობილი, რის გამოც მისი რეაბილიტაცია გადაწყდა. წელს კი მერიამ სამუშაოებისთვის ტენდერი რამდენჯერმე გამოაცხადა, თუმცა გამარჯვებული მხოლოდ მიმდინარე წლის მარტში გამოვლინდა. ტენდერში უკონკურენტოდ შპს "ჯორჯიან პლასტიკმა" გაიმარჯვა. სამუშაოები, რომლის ფარგლებშიც ღია შადრევანი დაიხურა,  მერიამ ივნისში ჩაიბარა და დახურული ტიპის შადრევანი ექსპლუატაციაშიც მიიღო, ისე რომ სამუშაოებში ხარვეზები არ გამოუვლენია. შადრევანის ზედაპირზე კომპანიამ ბეტონის და რკინის ფილები განათავსა, ქვემოთ კი წყალი და ელექტროგაყვანილობაა.

პრობლემას არ აღიარებენ  ქუთაისის მერიაში.  აცხადებენ, რომ სამშენებლო სამუშაოები შესრულებულია ექსპერტიზით დამტკიცებული პროექტის შესაბამისად. სამუშაოების ხარისხს აკონტროლებდა "ა კატეგორიის" საექსპერტო ორგანო შპს საინჟინრო მონიტორინგის ჯგუფი.

 

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა