|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისში „ყინულის მოედანზე“ სწავლის პროცესის შეჩერებას აპროტესტებენ

ქუთაისში „ყინულის მოედანზე“ სწავლის პროცესის შეჩერებას მშობლები აპროტესტებენ. ბავშვები და მშობლები დღეს ყინულის მოედანთან შეიკრიბნენ და მერიას დახმარების თხოვნით მიმართეს.

მათი თქმით, სამი თვე არის, რაც ყინულის მოედანზე სწავლა და ვარჯიში შეჩერებულია, რის გამოც ბავშვები დაზარალდნენ.

„რამდენიმე თვეა მოედანმა მუშაობა შეაჩერა. გვეუბნებოდნენ, რაღაც ნაწილია დაზიანებული და შეკეთდებაო, მაგრამ გავიდა დრო და არაფერი იცვლება. ჰოკეისტების ნაკრები ვარჯიშობს აქ და როგორ შეიძლება, რამდენიმე თვე ბავშვებმა არ ივარჯიშონ? რაც აქამდე ისწავლეს, ყველაფერი დაავიწყდებათ, თუ დროულად არ განაგრძეს ბავშვებმა ვარჯიში. აქ არიან მოციგურავეებიც, ყველას წარმატება აქვს, საუკეთესო ნაკრებებია და ამდენი ხანია, გაჩერებული ვართ. მივმართავთ მერიას, მოხდეს ნაწილის შეძენა, რომ ბავშვებმა ყინულის მოედანზე ვარჯიში შეძლონ “–განაცხადეს მშობლებმა.

მათი თქმით, ყინულის მოედანზე 400 ბავშვი სწავლობს, თუ მათთვის სასწავლო პროცესი არ აღდგება, პროტესტი გაგრძელდება.

ააიპ „სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანებაში“ აცხადებენ, რომ დაზიანებულია აგრეგატი, რომელიც საქართველოში არ იშოვება, შემოსატანად კი კომპანიებთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. მათივე თქმით, ყინულის მოედანზე შეფერხება არა სამი, არამედ თვენახევარია მიმდინარეობს.

„დაზიანებულია აგრეგატი, რომელიც საქართველოში არ იშოვება. ამის გამო გაიწელა დროში, რადგან თურქეთში, ან სხვა ქვეყანაში შეძენის და ხელშეკრულების გაფორმების უფლება არ გვაქვს, მიდის მოლაპარაკება კომპანიებთან, რომლებმაც საქართველოში უნდა შემოტანონ ნაწილი, როგორც კი შემოიტანენ, მას შემდეგ მაქსიმალურად მალე მოხდება აღდგენა. ამის შესახებ ინფორმირებული არიან მშობლებიც “,–განაცხადეს ააიპში.

ყინულის მოედანი ააიპის სახით მუშაობდა, გასულ წელს ის სპორტის ააიპის დაქვემდებარებაში გადავიდა.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა