ქვეყანაში დაახლოებით 21 ვირუსზე გვაქვს მეთვალყურეობა - პაატა იმნაძე
ზამთარი ვირუსების გარეშე არავის უნახავს, ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია, კორონავირუსმა ყველას დაავიწყა გრიპი, რადგან იმ პერიოდში ნიღბების ტარება ვირუსების გავრცელებას ხელს უშლიდა, ასე რომ, ჩვეულებრივი სეზონია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყანაში დაახლოებით 21 ვირუსზე აქვთ მეთვალყურეობა
„ახლა ძირითადად ცირკულირებს „ა“ ტიპის გრიპის ვირუსი. ეს არის ვირუსი, რომელმაც 2009-2010 წლებში გრიპის პანდემია გამოიწვია და ჩვეულებრივ სეზონურ ვირუსად გადაიქცა. ცოტა არის H3 ვირუსიც. H3N2 – ესეც პანდემიური ვირუსი იყო 70-იან წლებში და იმის შემდეგ ჩვეულებრივი ვირუსია.
რა თქმა უნდა, არის რესპირატორული ვირუსი, რომელიც შეიძლება, ბავშვებში საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობდეს, არის ცოტა რინოვირუსიც. ქვეყანაში დაახლოებით 21 ვირუსზე გვაქვს მეთვალყურეობა. ყოველკვირეულად ვაგროვებთ მონაცემებს. ასე რომ, ჩვეულებრივი სეზონია. რაც იყო შარშან, შარშანწინ. იქ ემატებოდა კორონა. ახლა კორონას შემთხვევები ჯერჯერობით ცოტაა. ბავშვები, რომლებიც ადრე არ შეხვედრიან ამ ვირუსებს, ახლა ხვდებიან და ავადობენ. ჯანმრთელი ბავშვი წელიწადში ექვსჯერ, ათჯერ შეიძლება, გაცივდეს. ბავშვი ცხოვრების პირველ წლებში ხვდება ამ ვირუსებს და ასეთი 200-მდე ვირუსია. ამაზე გაცილებით მძიმე სეზონები გვქონია. სამწუხაროდ, ყველაზე უფრო მძიმე კორონას პერიოდი იყო, მძიმე გამოსავლებით. ნიღაბი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ვინც ავად არის, ატაროს, რათა არ გაავრცელოს ვირუსი. ადამიანი თუ ავად არის, სახლში უნდა დარჩეს, არ უნდა გაუშვას ბავშვი ბაღსა და სკოლაში“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისივე თქმით, გრიპის საწინააღმდეგო აცრა ადამიანმა უნდა ჩაიტაროს გრიპის სეზონის დაწყებამდე, რადგან იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ორი კვირა მაინც სჭირდება.
ავტორი: