ღამის კლუბში მომხდარი ხანძრის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა
ბუქარესტში ღამის კლუბში მომხდარი ხანძრის შედეგად 27 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი დაშავდა. როგორც "ბიბისი" იტყობინება, რუმინეთის ხელისუფლება დაღუპულთა რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს. 25 ადამიანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.
აფეთქება კლუბ "კოლექტივში", როკ კონცერტის დროს მოხდა. იმ მომენტში კლუბში 400-მდე ადამიანი, მეტწილად ახალგაზრდები და მოზარდები იმყოფებოდნენ. ხანძრის გაჩენის შემდეგ კლუბის შესასვლელთან ჭყლეტა მოხდა. ხანძრის გაჩენის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
როგორც რუმინეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ძალოვანი უწყებისთვის ჯერჯერობით მხოლოდ ის არის ცნობილი, რომ კლუბში პიროტექნიკა ააფეთქეს.
რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა მომხდარს "ტრაგიკული მოვლენა" უწოდა და დაღუპულთა და დაზარალებულთა ოჯახებს მწუხარება გამოუცხადა.
წყარო: ipn.ge
ავტორი: ანი ლიპარიშვილი