|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რატომ არ გადაყავთ მიხეილ სააკაშვილი სასამართლოში? - პენიტენციური სამსახურის განმარტება

მიხეილ სააკაშვილის პატიმრობისა და შიმშილობის 41-ე დღე დილიდან დაკავებებით დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია 46 ადამიანი. ამ ფონზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია ჩანიშნული, რომელზეც დასწრების უფლება მოშიმშილე პრეზიდენტს არ მისცეს. 
 
მიზეზი სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მოსალოდნელი საფრთხით განმარტა. 
"სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაშია სს საქმე, დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 315 მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ საჯაროდ გავრცელებული განცხადებით კი ცნობილი გახდა, რომ იგეგმებოდა მ. სააკაშვილის პენიტენციურ დაწესებულებაში ეტაპირებისათვის ხელის შეშლის მიზნით, დაწესებულებასთან მისასვლელი საავტომობილო გზების ბლოკირება, რიგი პოლიტიკური პარტიების წარმომადგენელთა საკუთრებაში არსებული ავტომანქანების საშუალებით.
 
მათ განზრახული ჰქონდათ აღნიშნული დესტრუქციული ხასიათის მოქმედებების განხორციელება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა დაახლოებით 500-600 ავტომანქანა, რაც გამოიწვევდა უკონტროლო სიტუაციას, ქაოსსა და შექმნილი ვითარება ხელს შეუშლიდა მიხეილ სააკაშვილის ეტაპირების პროცესს.
 
აღნიშნული სახის ქმედებებს შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მისი სასამართლო დარბაზში ესკორტირების შემთხვევაშიც, ასევე, ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილს შეწყვეტილი აქვს მკურნალობის არსებითი ნაწილი, სასამართლო პროცესზე გაყვანა და დასწრება წარმოადგენს დამატებით რისკს მისი ჯანმრთელობისთვის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს ბრალდებულ/მსჯავრდებულ მ. სააკაშვილის თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმოდგენა", - ნათქვამია განცხადებაში.
 ამ დროპისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესია დაგეგმილი, დღევანდელ პროცესზე ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრისა და 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე მიხეილ სააკაშვილისათვის გამოტანილი აღმკვეთი ღონისძიების გადახედვის საკითხი განიხილება. 

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება მიხეილ სააკაშვილს 2007 წლის 7 ნოემბერს, მომიტინგეთა მასობრივად დარბევას, ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრასა და ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ქონების დანაშაულებრივად ხელში ჩაგდებას ედავება.

საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებას გულისხმობს, რამაც ფიზიკური, ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების, ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. აღნიშნული ბრალი სასჯელის სახედ და ზომად 5-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ავტორი: ნიუპრესი