რატომ გადაუხადა მადლობა კახი კალაძეს შალვა კამლაძემ პატრიარქთან შეხვედრისას?
"საქართველოს ახალგაზრდული ინიციატივების ცენტრის" ხელმძღვანელი შალვა კამლაძე კახი კალაძეს მადლობას უხდის, ამის შესახებ მან კათოლიკოს პატრიარქთან შეხვედრისას განაცხადა.
"უწმინდესს წარვუდგინე პოლონელი ახალგაზრდები, რომლებმაც "ვეფხისტყაოსნის" პოლონურენოვანი ვერსიის კალიგრაფიული გადაწერა მოაწყვეს, ასევე წაიკითხეს პოემის ერთ-ერთი სერია საჯარო ღონისძიებაზე. უწმიდესთან საუბარში აღვნიშნე, რომ პროექტი "ვწერთ და ვკითხულობთ რუსთაველს", ახალგაზრდული ინიციატივის ფარგლებში განხორციელდა და ის ქუთაისის მერიის მხოლოდ მცირედი მხარდაჭერით, მეტწილად კი მეგობრების მხარდაჭერით განხორციელდა. აქედან გამოდინარე, ვთხოვე პატრიარქს, რომ ქადაგებისას, ან პირადი შეხვედრისას თხოვოს მთავრობის წევრებს, საჯარო მოხელეებს, რომ მეტი ყურადღება დაუთმონ ახალგაზრდებს, განსაკუთრებით ნიჭიერებს, ასეთი ახალგაზრდები მართლაც უამრავი არიან ჩვენს ქვეყანაში. აქვე დიდი მადლობა გადავუხადე თბილისის ახალ მერს, კახი კალაძეს, ის ერთადერთი საჯარო მოხელეა, რომელმაც გაარღვია ეს ჯებირი და მოუწოდა ახალგაზრდა მხატვრებს, მონაწილეობა მიიღონ თბილისის გალამაზებაში", -აღნიშნა შალვა კამლაძემ.
მისი, თქმით, კალაძის ეს მოწოდება იმედს აჩენს, რომ მას სხვა მოხელეებიც მიბაძავენ და ახალგაზრდებს თავიანთი შესაძლებლობების რეალიზაციის საშუალებას საკუთარ ქვეყანაში მისცემენ.
ავტორი: ნიუპრესი