|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

რაჭის ტყის დაცვის აქციაზე დაკავებული 11 პირი პატიმრობაში რჩება

რაჭის ტყის მცველები, რომლებიც გუშინ  გარემოს დაცვის სამინისტროსთან გამართულ აქციაზე დააკავეს, პატიმრობაში რჩებიან.  აქციის 11  მონაწილებს შორის არის „რიონის ხეობის მცველი“ ვარლამ გოლეთიანი, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტი რატი რატიანი.

ხელბორკილებდადებული ადამიანები, ვინც რაჭის ტყეების გასხვისებას აპროტესტებდნენ, სხვადასხვა იზოლატორებში გადაიყვანეს. უფლებადამცველები დაკავებულთა ნაწილს ამ დრომდე სწორედ იზოლატორიდან იზოლატორში ეძებენ. ყველა მათგანს წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

აქციის მონაწილეებმა გარემოს დაცვის სამინისტროსთან მთელი ღამე გაათენეს. მათ მოთხოვნებს კიდევ ერთი მოთხოვნა შეემატა. ახლა ისინი აქციის დაკავებული მონაწილეების გათავისუფლებას ითხოვენ. აქციის მონაწილეებმა ადგილზე სიმბოლურად ერთი კარავი გაშალეს. მათ პროტესტს ეტაპობრივად აქციის სხვა მონაწილეებიც უერთდებიან. 

შეგახსენებთ, მოსახლეობა რაჭის ტყეებთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზიის გაუქმების მოთხოვნით უწყვეტ აქციას რეგიონში მართავდა. მათი თქმით, ეს ტყე ხალხის საკუთრებაა და ისევ ხალხს უნდა დაუბრუნდეს. ხელისუფლების უყურადღებობის გამო ადგილობრივები დედაქალაქისაკენ დაიძრენ და აქცია თბილისში გამართეს. 

ცნობისთვის,  რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია შპს „ეიჩ ჯი კაპრა კაუკასიკას“ აქვს, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან არის დაკავშირებული. თუმცა, რამდენიმე კვირის წინ რაჭის ტყეებთან დაკავშირებით გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ნინო თანდილაშვილმა განაცხადა, რომ რაჭის ტყეებისა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე განსაკუთრებული დაცულობის სტატუსის ტერიტორიის შექმნა იგეგმება და ეს სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის მოქმედების ვადის გადახედვას გამოიწვევს.

ფოტო: მაუწყებელი

ავტორი: