|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„რეგიონული მედია ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლებისთვის"

პროექტის, „რეგიონული მედია ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლებისთვის" მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.  ჟურნალისტების შემდეგ საარჩევნო გარემოს შესახებ ინფორმაცია ახალგაზრდა აქტივისტებს მიეწოდათ. ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე პროექტის წარმომადგენლებმა საარჩევნო გარემოსა და ინფორმირებული არჩევანის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრეს.

„ჩვენი შეხვედრის მიზანია რიგითი ამომრჩევლის ინფორმირება, მათთვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება, ასევე  განათლების ამაღლება საარჩევნო სფეროში ინფორმირებული არჩევანის გასაკეთებლად. მითუმეტეს, რომ საპარლამენტო არჩევნებისათის გვაქვს ცვლილება  მაჟორიტარული ოლქების შესახებ. გვსურს, ახალგაზრდებს დეტალურად ავუხსნათ და მივაწოდოთ  ინფორმაცია, რა , როგორ  და რატომ შეიცვალა. მთავარია ამომრჩეველი იყოს მზად, იყოს ინფორმირებული, რომ  გააკეთოს სწორი არჩევანი“, – განაცხადა პროექტის ტრენერმა პაატა ცნობილაძემ.

პროექტის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა იმერეთის სამ რაიონში გაიმართება. ქუთაისის შემდეგ მორიგი შეხვედრა ხონში, სოფელ დედალაურში, ამჯერად ეკომიგრანტებთან გაიმართება. მესამე შეხვედრა კი ხარაგაულში მოეწყობა და ის არ იქნება რომელიმე ასაკობრივ ამომრჩეველზე გათლილი და ყველა სეგმენტს მოიცავს.

პროექტის „რეგიონული მედია ამომრჩეველთა ინფორმირებისა და განათლებისთვის" დირექტორის, ნატო გუბელაძის განცხადებით, არჩევანების თემატიკაზე  შეხვედრები ითვალისწინებს, ასევე ღია ტიპის ქუჩის აქციებს, ფლეშმობებს და საინფორმაციო ბუკლეტების დარიგებას. სხვადასხვა ქალაქში სხვადასხვა კამპანია გაიმართება. ქუთაისში მოეწყობა ფლეშმობი. ახალქალაქში, სადაც  ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები არიან, ბაზარში დარიგდება ბუკლეტები, ბათუმში ახალგაზრდების ჩართულობით ფლეშმობი გაიმართება.

საინფორმაციო შეხვედრები მოეწყობა მარნეულში, თელავსა და დუისში. მთლიანი კამპანია არჩევნებზე წამსვლელ ამომრჩეველთა რაოდენობის გაზრდას ემსახურება.

პროექტის ბოლოს, მონაწილე მედია ორგანიზაციებისათვის მომზადდება მცირე ჩანართი ქართულ სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.

პროექტი დაფინანსებულია „საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის“ მიერ. პროექტს ახორციელებს "საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია" (GRMA).

რეგიონული მედიის ასოციაციის წევრი და  პარტნიორია 10 ბეჭდური და 12 ონლაინ მედია საშუალება.

ავტორი: ნესტან ჩაგელიშვილი