როდის დასრულდება სამუშაოები რიკოთის უღელტეხილზე და რომელი ახალი გზების გახსნა იგეგმება?
2023 წლიდან, როცა სამუშაოები დასრულდება რიკოთის უღელტეხილზე, თბილისიდან ბათუმამდე მაგისტრალით შეუფერხებლად ჩავალთ- ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა რუსთავში, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მდგრადი განვითარების პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სულ, 2024 წლისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% აშენდება.
„2021 -2024 წლებში დასრულდება ისეთი სრულიად ახალი გზების მშენებლობა, რომლებიც რეგიონებს უფრო მარტივად დააკავშირებს. ესაა საჩხერე-ონის გზა, რომელსაც ადგილობრივ მცხოვრებთა უსაფრთხო გადაადგილებასთან ერთად, მნიშვნელოვანი ტურისტული დატვირთვა აქვს, ასევე 2024 წლამდე დასრულდება ხულო-ზარზმის გზის მშენებლობა, რეაბილიტირდება ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელი, ზესტაფონი- ჭიათურისა და ბაღდათი-აბასთუმნის გზები. ყველა ეს პროექტი ნიშნავს ახალი შესაძლებლობების გაჩენას,“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თქმით, ეტაპობრივად განახლდება ქუთაისის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ფოთის შიდა საგზაო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე მუნიციპალური მნიშვნელობის და სოფლის გზებს, რის შედეგადაც 2024 წლისთვის შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% იქნება სრულად მოწესრიგდება.
ავტორი: ნიუპრესი