ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის განხილვა გაიმართა
თბილისში, სასტუმრო „Tbilisi Marriott“-ში ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის განხილვა, რომელიც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწვეულმა მეღვინეობის დარგის საერთაშორისო ექსპერტმა ჯონ ბარკერმა (ახალი ზელანდია) მოამზადა.
ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის მიზანია დარგის შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინაციის გაუმჯობესება, არსებული თანამშრომლობის ფორმალიზება და კერძო სექტორის უფრო მეტი ჩართულობა გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, იქნება ეს მარკეტინგული ღონისძიებები, თუ კონტროლისა და რეგულაციების საკითხები.
შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი, აღნიშნული პროექტის მხარდამჭერი სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაციის FAO-ს, ასოციაციის „ქართული ღვინო“, „კახეთის მეღვინეთა გილდიის“, „ქვევრის ფონდის“, საქართველოს სომელიეთა ასოციაციის და მეღვინეობის დარგში დასაქმებული სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ლევან დავითაშვილის თქმით, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულები დარგის რეფორმირებისა და ინსტიტუციური მოწყობის უფრო ეფექტური მოდელის შემუშავების პროცესში.
ექსპერტმა ჯონ ბარკერმა პრეზენტაციაში ისაუბრა ღვინის სექტორის საჭიროებებზე, მთავრობისა და ინდუსტრიის ინსტიტუციების როლზე დარგის განვითარების საკითხში, კერძო სექტორის ჩართვის აუცილებლობაზე დაგეგმარების პროცესში, მოიყვანა წარმატებული ღვინის ინდუსტრიის მქონე ქვეყნების მაგალითები. პროექტის განხილვის შემდეგ გაიმართა დისკუსია მონაწილეებს შორის.
შეხვედრა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა შეაჯამა. მისი თქმით, მსგავს ფორმატში პირველად მოხდა პროექტის განხილვა. როგორც გიორგი სამანიშვილმა აღნიშნა, ეს იყო პროექტის შუალედური პრეზენტაცია, ხოლო მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ექსპერტის მხრიდან წარმოდგენილი იქნება უფრო დეტალური წინადადებები.
(R)
ავტორი: ნიუპრესი