ღვინო სამკაულში გადმოვიდა
იცოდით, - ღვინო სამკაულში რომ გადმოვიდა და ქვევრის ღვინის 8000 წლიანი ქართული კულტურა ახლა სამკაულად შეგიძლიათ ატაროთ?! თამარ აბულაძე სწორედ ის ადამიანია, რომელმაც „ღვინის ბრილიანტი“ შექმნა და ახლა მსოფლიომდე ამ ინოვაციის მიტანას ცდილობს.
2019 წლიდან თამარმა საკუთარი ბიზნესი წამოიწყო და როგორც თვითონ გვიყვება, ეს სრულიად შემთხვევით მოხდა:
„ერთ-ერთ შეხვეედრაზე მივდიოდი და ამ შეხვედრამდე ცოტა დრო მქონდა. ნატურალური ქვების მაღაზიას გადავაწყდი, შევედი და დავიწყე ლამაზი ქვების თვალიერება. ისე კარგად მომემსახურნენ, ამიხსნეს დეტალურად ქვების თვისებები, რომ ეს ქვები შევიძინე. რამდენიმე დღეში ჩემი პირველი ხელნაკეთი ნივთი შევქმენი და იმდენად საინტერესო აღმოჩნდა მუშაობის პროცესიცა და შედეგიც, ამ საქმიანობის გაგრძელება გადავწყვიტე. ძალიან მალევე, დედაჩემის ნაჩუქარი სკივრი ნამუშევრებით გაივსო. ცოტა დროის გასვლის შემდეგ, საკუთარი ბრენდიც კი ჩამოვაყალიბე - „ემოცია“, რომლის სლოგანად „გადაეცი ემოცია“ შევარჩიე და ეს ჩემთვის დღემდე ზუსტად გამოხატავს იმას, რისი თქმაც მინდა ხალხისთვის, რომ გადავცეთ ერთმანეთს ემოცია. მეც სიყვარულით ვქმნი ყველაფერს და ჩემი სამკაულებით ვცდილობ ადამიანებს გადავცე ემოცია“ - გვიყვება თამარ აბულაძე და იხსენებს როგორ მივიდა მისი წამოწყება „ღვინის ბრილიანტის“ შექმნის იდეამდე.
პირველი სამკაულები, რაც ნატურალური ქვებისგან შექმნა, ყურძნის მტევნების გულსაბნევები იყო. როგორც თავად აღნიშნავს, ეს მიმართულება ღვინის სიყვარულმა განაპირობა:
„კოვიდ პანდემიის პერიოდში, საკუთარი თავის ძიების პროცესი დავიწყე. მეტი ინფორმაციის მიღებას ვცდილობდი სხვადასხვა სფეროდან. სწორად ამ დროს დავამთავრე ღვინის სკოლაც, სადაც უამრავი რამ შევისწავლე ღვინის შესახებ და მათ შორის, ღვინის კრისტალების არსებობის შესახებ პირველად ამ სკოლის საშუალებით შევიტყვე. ჩემი ინტერესები ხელნაკეთ სამკაულებშიც ასე აისახა, - ჯერ ნატურალური ქვებისგან შექმნილ გულსაბნევებში, რომლებსაც საქართველოს თითქმის ყველა ელჩიც კი ატარებს და შემდგომ უკვე, ღვინის კრისტალების გამოყენებაში“, - ამბობს თამარი.
ახალი ეტაპი თამარის ისტორიაში მაშინ დაიწყო, როცა მის ტელეფონში ერთ-ერთი მომხმარებლის ზარი გაისმა და კომპანიისთვის ლოგოს დამზადების შეთავაზება მიიღო. მომხმარებელმა ლოგოს დამზადება ყურძნის მტევნების კონცეფციით ითხოვა, რაზეც თამარისგან პასუხად უარი მიიღო:
„ავუხსენი, რომ ამ ქვებს უკვე აქვთ მრგვალი ფორმები და ვერ დავამუშავებდი, ფიზიკურად ვერ შევქმნიდი ლოგოს ამ ქვებისგან. საუბარი რომ დავასრულე, საკუთარ თავთან ჩავილაპარაკე, როგორც თითქოს აბსურდული მოსაზრება - „ბარემ ღვინის ქვისგან დავამზადებ“ - მახსოვს, რომ უცებ გავჩერდი და დავფიქრდი, საკუთარ თავს ვკითხე, - ვითომ, ან ღვინის ქვისგან რატომ არ შეიძლება სამკაულის გაკეთება-მეთქი და ეს აზრი ამეკვიატა. დავიწყე ყველაფრის მოძიება, მეგობარ მეღვინეებთან ღვინის კრისტალების თხოვნა და იდეის გაზიარება, რომ ამ კრისტალებით სამკაულის გაკეთებას ვაპირებდი და რაზეც ყველა მპასუხებდა, რომ შეუძლებელი იყო“.
როგორც თამარი გვიყვება, ღვინის კრისტალები სიცივეში ამოდის, როდესაც ღვინო ტემპერატურულ შოკს განიცდის და მინუს 4 გრადუსამდე ეცემა. სწორედ ამ დროს კრისტალდება ის მინერალები, რომელიც ღვინოშია და გამაგრებული მასა ქვევრის კედლებზე მაგრდება. ეს არის ღვინის მჟავის, კალიუმის მარილები - ღვინის ყველაზე სასარგებლო ნაწილი. მეღვინეები ამ მასალას ნარჩენად მოიაზრებენ და ყრიან. თამარისთვის კი ინოვაციად იქცა და პირველად ისტორიაში, მისი სამკაულში გამოყენება დაიწყო:
„რამდენიმე თვე დამჭირდა იმისთვის, რომ მიმეგნო მეთოდისთვის, რომელიც საშუალებას მომცემდა, ჩვეულებრივი სამკაულივით გამძლე მასალა მიმეღო. დავაკმაყოფილე ყველა პირობა, შევუნარჩუნე ვიზუალური და პირველადი სახე,
მივანიჭე სამკაულისთვის საჭირო სიმყარე და ღვინის ქრისტალისგან პირველი სამკაული შევქმენი. ამის ანალოგია მსოფლიოს მასშტაბით არ არსებობს. ეს არის პირველი პრეცედენტი, როცა ღვინო სამკაულში გადმოვიდა“ - ამბობს თამარ აბულაძე.
სამკაულის შექმნის შემდეგ, თამარის წინაშე ახალი გამოწვევა გამოჩნდა. საჭირო იყო ამ პრეცენდენტის მსოფლიოსთვის გაცნობა და ადამიანების დაინტერესება. ქართული ქვევრის ღვინის კრისტალებისგან, რომელსაც 8000 წლიანი ისტორია აქვს, მსოფლიომ ახალი სამკაული მიიღო. რადგან ღვინო სამკაულში არცერთ ხაზში არ არსებობს, თამარი მიზნად იქცა, რომ მსოფლიომ არა მარტო გაიცნოს მისი ქმნილება, ღვინო სამკაულში დარჩეს ცალკე მიმართულებად ისევე, როგორც ტიხრული მინანქარი, ბრილიანტი და სხვა ნატურალური ქვები სამკაულში.
2023 წლის მაისში თამარ აბულაძე გაცვლითი პროგრამით იტალიაში იმყოფებოდა, სადაც მას ცნობილმა ღვინის კრიტიკოსმა კარმელო სგანდურამ უმასპინძლა. იქ ყოფნის პერიოდში თამარი საკუთარი პროდუქტის პოპულარიზაციაზე მუშაობდა, გაიცნო მსხვილი წარმატებული მეწარმეები და ახალი კავშირები დაამყარა. სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ურთიერთობასა და ბრენდის მსოფლიოსთვის გაცნობაში თამარს ევროკავშირი ამ და სხვა მიმართულებით ეხმარება. Wine Diamond-ის პროდუქცია ევროპის სავაჭრო-სამრეწველო პალატების ასოციაციისა (Eurochambres) და EU4Business-ის პროექტის დახმარებით ახლა საქართველოს საზღვრებს სცდება. მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებს ევროკავშირი საქართველოში აქტიურად უჭერს მხარს, მით უფრო ქალებს, რაც ცალკე მიმართულებად აქვს. 2023 წელს ევროკავშირმა მცირე და საშუალო ბიზნესი 308.3 მილიონი ევროთი დააფინანსა. მხოლოდ ბიზნესის განვითარებისთვის მიწოდებულ სერვისებში (BDS) კი - €75.8 მილიონი გაიხარჯა. თამარ აბულაძე რამდენიმე პროექტში იყო ჩართული და დარგის წამყვანი ექსპერტების დახმარებით ბიზნესის სამართავად ტრენინგები თუ კონსულტაციები გაიარა. მონაწილეობდა საზღვარგარეთ დაგეგმილ სასწავლო ვიზიტებში და როგორც თავად აღწერს, მიღებულმა ინფორმაციამ დიდი გამოცდილება შესძინა:
„ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს როცა უცხო ქვეყნები ინტერესდებიან ქართული ნაწარმით. ეს არამარტო ეკონომიკური, კულტურული თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესია. ევროკავშირმა საშუალება მომცა ჩვენი კულტურა არა მარტო გამეზიარებინა, მის განვითარებაში შემეტანა წვლილი. საუკუნოვანი კულტურები ინოვაციად მექცია. შედეგად, ჩემი პროდუქტი საქართველოს კულტურის საკუთრებად იქცა. ეს არაა მხოლოდ ბიზნესი და ფულის მოტანის მიზანი, ესაა ჩემი ქვეყნის წარმოჩენის საშუალებაც სხვა კულტურებსა და ცივილიზაციებს შორის. ევროკავშირმა ძალიან დიდი წვლილი შეიტანა როგორც ფინანსური, ისე საინფორმაციო მიმართულებით. ცდილობენ დამეხმარონ ჩემი ბრენდის პოპულარიზაციაში. გავდივარ რეკომენდაციებს ვიღებ ტრენინგებს და ეს ცოდნა ძალიან მეხმარება ბიზნესის მართვაში. გამოცდილი მენტორები ატარებენ და ასევე ვიზიტები სხვადასხვა ქვეყნებში. როცა ევროკავშირის სახელით მონაწილეობ გაცილებით დიდია ინტერესი მეწარმის მიმართ. დამოუკიდებლად მცირე ბიზნესებისთვის ამ ყველაფრის კეთება ძალიან რთულია“ -ამბობს თამარი.
თამარი განაგრძობს საკუთარი ბრენდის განვითარებას, ფიქრობს სიახლეებზე და ცოტა ხანში, გეგმავს, „ღვინის ბრილიანტისა“ და ბრილიანტის ოქროზე ერთად გადატანას. გვპირდება, რომ მისი სამკაულები სულ ეცდებიან ახალი ემოციების გადმოცემას.
ავტორი: თამარ კურატიშვილი